მსოფლიოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, რამდენად შეესაბამება საქართველოს სუვერენულ ინტერესებს ევროკავშირისკენ სვლა, მართებულია თუ არა ქვეყნის საგარეო კურსი, რომელიც ხელისუფლებას აქვს არჩეული და კონსტიტუციითაა გამყარებული? - შეკითხვების ავტორები "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრები არიან. ამ პოლიტიკურ ძალაში მიაჩნიათ, რომ ევროინტეგრაცია საქართველოსთვის ილუზიაა, რადგან ევროპული კავშირი იმ პრინციპების საპირისპიროდ მოქმედებს, რომლის დასაცავადაც შეიქმნა. "ნეიტრალურ საქართველოში ამბობენ, რომ უკრაინაში ომმა და ბოლო დროს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციამ ევროპული ბიუროკრატიის უსამართლობა გამოააშკარავა, რაც მათივე შეფასებით კონსტიტუციური ჩანაწერის გადახედვის მიზეზი უნდა გახდეს.
"ნეიტრალური საქართველოს" წევრები მიიჩნევენ, რომ საკითხზე საგნობრივი და შინაარსიანი დისკუსიის გახსნა აუცილებელია და პოლიტიკურ დებატების იდეით გამოდიან. არგუმენტირებული და დასაბუთებული მსჯელობის წინააღმდეგი არც მმართველ პარტიაში არიან, სადაც ამბობენ, რომ ნებისმიერ თემაზე დისკუსია, ნებისმიერ ფორმატში კონსტრუქციული უნდა იყოს.
ქვეყნის საგარეო კურსზე საუბარი ოპოზიციას მხოლოდ ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში წარმოუდგენია. ხელისუფლების ოპონენტები თქმით, სწორედ ევროპული გაერთიანებაა საქართველოს მოსახლეობის ინტერესებისთვის სასარგებლო.
"ნეიტრალური საქართველოს" წევრების თქმით, ბოლო წლების პრაქტიკამ და ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო დამოკიდებულებამ საზოგადოებას ანალიზის საშუალება მისცა. სწორედ ამიტომ, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის საჭიროებაზე საუბრობენ.
სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ქვეყნის პრიორიტეტი, როგორც ევროკავშირთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამართლიანობის პრინციპის დაცვით ურთიერთობაა.
"ნეიტრალური საქართველოს" განცხადებაზე შეკითხვა პრემიერ მინისტრთანაც დაისვა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არც დებატები და არც ნებისმიერი დისკუსია კონსტიტუციური ჩანაწერის გადახედვას არ ნიშნავს და საქართველოს ხელისუფლების საგარეო მიზანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაა.
ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას სახელისუფლებო ძალა შეახსენებს, რომ პარტნიორებსაც გააზრებული აქვთ, რომ საქართველო ევროკავშირისთვისაც და ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც სანდრო პარტნიორია. ურთიერთობების გაჯანსაღებას კი მისი გადატვირთვა სჭირდება.