სამთავრობო კომისია ფასნამატების რეგულირების მიზნით მუშაობას განაგრძობს. კომისიის წევრები უკვე შეხვდნენ ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე მწარმოებლებს.
მიმდინარე კვირის განმავლობაში, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში, შეხვედრები გაიმართება ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, უმთავრესი მიზანია ისეთი სამართლებრივი რეგულაციის შექმნა, რომელიც დამყარებული იქნება საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკაზე.
"ჩვენი უმთავრესი მიზანი უნდა იყოს ისეთი სამართლებრივი რეგულირების შექმნა, რომელიც დამყარებული იქნება საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკაზე და, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მსგავსი ტიპის არაჯანსაღი და არასამართლიანი ფასწარმოქმნა მომავალშიც ავიცილოთ თავიდან. ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული ცალკეული კომისიის შექმნაზე და ცალკეული სტრუქტურების, მე ვგულისხმობ სამთავრობო, თუ საპარლამენტო სტრუქტურების მუშაობაზე. ბაზარზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენცია, რათა ყველა ბიზნეს ოპერატორმა, მათ შორის, მსხვილმა, წვრილმა და მცირე ბიზნესებმა თავი იგრძნონ თანაბარ პირობებში და ეს ყველაფერი უნდა აისახოს მოსახლეობის კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებაზე", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.