ახალი სასწავლო წლიდან აგრარული მიმართულების სახელმწიფო პროგრამები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდება. საუბარია როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე. განათლების განვითარების ეროვნულ ცენტრში აკრედიტაციის პროცესი წარმატებით დასრულდა და მომდევნო სასწავლო წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს 25 ახალ პროგრამაზე მიიღებს.
მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, აგრარული მიმართულებით პირველკურსელებს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს. თუმცა, ეს ცვლილება არ შეეხებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც ამ დროისთვის ტექნიკურ უნივერსიტეტში ირიცხებიან.
სიახლეებით ხვდებიან ახალ სასწავლო წელს ზუგდიდისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებიც. უმაღლეს სასწავლებლებს ტურიზმის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამები ემატება. რექტორების შეფასებით, ახალი საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, რეგიონში არსებულ მოთხოვნებს ადეკვატურად უპასუხონ.
ახალი სტრატეგია უმაღლესი განათლების რეფორმისთვის - პრემიერ-მინისტრის განმარტებით, განათლების რეფორმის მთავარი პრინციპი, არსებული, შედარებით მწირი რესურსების მაქსიმალურად ოპტიმალური გამოყენებაა.
მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, რეგიონული უნივერსიტეტებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა ვიწრო პროფილის სპეციალობები.
მათ შორისაა პედაგოგიური, ტურიზმისა და აგრარული საგანმანათლებლო პროგრამები. უნივერსიტეტებს, რომლებსაც ახალი მიმართულებები დაემატათ, მიღების კვოტებიც გაეზრდებათ.