დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გრენლანდიის საკითხზე ისაუბრა. ტრამპის განცხადებით, კუნძულის მიერთების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო ძალის გამოყენებას არ აპირებს.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დანიის ავტონომიური ტერიტორია ამერიკას ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება და აღნიშნა, რომ კუნძულზე ამერიკის საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემის განთავსებას განიხილავს.
ცნობილია, რომ მოკავშირეებთან საკითხზე მიღწეულია მომავალი შეთანხმების ჩარჩოს პროექტი, რომელშიც ამერიკის ყველა მოთხოვნაა დაკმაყოფილებული. გარიგება სამუდამო და საბოლოო იქნება. ტრამპმა მოკავშირეები გააკრიტიკა და თქვა, რომ NATO შტატებს უსამართლოდ ექცევა, მისი ძალისხმევის გარეშე კი ალიანსი აღარ იარსებებდა.
"საშინელი სანახავია, რასაც ისინი აკეთებენ, რასაც საკუთარ თავს უკეთებენ, რასაც უკეთებენ ამ ლამაზ ადგილებს. ჩვენ გვსურს ძლიერი მოკავშირეები და არა სერიოზულად დასუსტებულები. ჩვენ გვინდა, რომ ევროპა იყოს ძლიერი. ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
ძალიან დიდი პატივს ვცემ გრენლანდიელ და დანიელ ხალხს, მაგრამ NATO-ს ყველა მოკავშირე ვალდებულია, შეძლოს საკუთარი ტერიტორიის დაცვა. ფაქტი კი ის არის, რომ არცერთი ცალკე აღებული ქვეყანას, ან ქვეყნების ჯგუფს, არ შეუძლია გრენლანდიის დაცვა, გარდა აშშ-ისა. ჩვენ დიდი ძალა ვართ. ჩვენ ეს ვიხილეთ მეორე მსოფლიო ომის დროსაც, როდესაც დანია, ექვსსაათიანი ბრძოლის შემდეგ, გერმანიის ხელში აღმოჩნდა. მან ვერ შეძლო ვერც საკუთარი თავის და ვერც გრენლანდიის დაცვა. მაშინ აშშ იძულებული გახდა და იგრძნო ვალდებულება, გაგვეგზავნა ჩვენი ძალები გრენლანდიის ტერიტორიის შესანარჩუნებლად. ეს ჩვენ ძალიან დიდ ფასად დაგვიჯდა. დანიელებს არ ჰქონდათ შანსი. დანიამ ეს იცის.
ჩვენ გრენლანდიაზე ბაზები დანიისთვის განვათავსეთ, ვიბრძოლეთ დანიისთვის. ეს არის დიდი, ლამაზი ყინული ნაჭერი. ჩვენ გადავარჩინეთ გრენლანდია და წარმატებით მოვახდინეთ პრევენცია, რომ ჩვენს მტრებს ფეხი არ მოეკიდებინათ ჩვენს ნახევარსფეროში. ასე რომ, ეს ჩვენთვისაც გავაკეთეთ. ომის შემდეგ, რომელიც ჩვენ მოვიგეთ, ჩვენ გარეშე თქვენ, ყველანი ახლა გერმანულად და ცოტა იაპონურად ილაპარაკებდით. ომის შემდეგ გრენლანდია უკან დავუბრუნეთ დანიას. როგორი სულელები ვიყავით, მაგრამ მაინც დავაბრუნეთ," - განაცხადა ტრამპმა.