18 აგვისტო 2026,   17:41
ვრცლად
თოვლი, სრიალი და სადღესასწაულო განწყობა - გუდაურში ყოველწლიური ფესტივალი "გიზგიზი" დაბრუნდა

თოვლი, სრიალი და სადღესასწაულო განწყობა - გუდაურში ყოველწლიური ფესტივალი "გიზგიზი" დაბრუნდა. ტრადიცია გრძელდება - ზამთრის მხიარულებას ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით და აქტივობებით შეუერთდა.

გამორჩეული მუსიკა, გემრიელი კერძები, საბავშვო აქტივობები და პერფორმანსები - "გიზგიზი" სტუმრებს დაუვიწყარი განწყობის შესაქმნელად ერთ სივრცეში მასპინძლობს. პროგრამა ყველა ასაკზეა გათვლილი და როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტების ინტერესებს მოიცავს. შედეგიც სახეზეა - ბაკურიანის შემდეგ ფესტივალმა უკვე გუდაურში ასობით დამსვენებელი გააერთიანა.

ფესტივალზე გამორჩეულია კვების სივრცე, სადაც ტრადიციულთან ერთად, თანამედროვე კერძებიცაა წარმოდგენილი. ფართო არჩევანია ტკბილი დესერტების მოყვარულებისათვისაც. ვიზიტორებს გიზგიზის თავგადასავლების აღსაბეჭდად სპეციალური ფოტო-ზონაც შეიქმნა. ადგილზე სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო აძლიერებს განახლებული მუსიკალური პროგრამა. მთის ატმოსფეროს ქართველი არტისტების შემოქმედება ერწყმის.

გართობასთან ერთად, პრიორიტეტია უსაფრთხოება - ზამთრის სეზონის დაწყებისთანავე კურორტზე დამატებითი უსაფრთხოების ზომები ამოქმედდა. წესრიგისა და ვიზიტორების დახმარებაზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მოთხილამურე პატრულებიც ზრუნავენ.

გუდაურში ზამთრის სეზონი აქტიურ ფაზაშია. კურორტზე სრულად ფუნქციონირებს სასრიალო ტრასები და ჩართულია ყველა საბაგირო. დამსვენებლისთვის ხელმისაწვდომია 31 სასრიალო არეალი, რომელთა საერთო სიგრძე 81 კილომეტრია. ტრასები გათვლილია ყველა დონის მოსრიალეზე - დამწყებიდან პროფესიონალ სპორტსმენებამდე.

თოვლიანი ფერდობები, ღონისძიებები და თავგადასავლები - გუდაურში სასრიალო სეზონი 27 დეკემბრიდან დაიწყო. მიმდინარე სეზონზეც, გუდაური ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად რჩება.

ავტორი: ირაკლი კოშაძე. 

დღის ამბები