სურსათზე მაღალი ფასნამატის დარეგულირებას ხელისუფლება ყველა შესაძლო მექანიზმით გეგმავს. კონკურენციის სააგენტო, სამთავრობო საკოორდინაციო ჯგუფი და საპარლამენტო საგამოძიებო კომისია უახლოეს მომავალში პროდუქტების ღირებულების რეალურ მდგენელს შეისწავლიან. სავარაუდო კარტელური გარიგებების აღმოჩენის შემთხვევაში კი საქმეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩაერთვება. ირაკლი კობახიძემ რამდენიმე კვირის წინ სპეციალური მიმართვაც ჩაწერა, სადაც ახსნა, რომ იმპორტირებული პროდუქცია საბაჟოდან მაღაზიების დახლებამდე საშუალოდ 86 პროცენტით ძვირდება, რაც ევროპაში არსებულ ფასნამატებს ბევრად აღემატება. პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა რომ ხელისუფლება ბიზნესთან კონსულტაციებისთვის მზადაა.
სასურსათო პროდუქციის მაღალ ფასებსა და პრობლემის მოგვარების გზებზე დღეს სპეციალური ბრიფინგი ნეიტრალური საქართველოს წევრებმა გამართეს. პარტია პროდუქციის გაიაფების წინაპირობას, ევროკავშირის კანონებთან სინქრონიზებული აგრარული კანონმდებლობის გაუქმებასა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაში ხედავს.
სუპერმარკეტების მაღალი მოგების მარჟაზე მეტად, ფასების ზრდის მიზეზს დამატებითი ღირებულების გადასახადის პროცენტში ხედავს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ ფასების დარეგულირება მთავრობის პასუხისმგებლობაა
ოპოზიციის მოსაზრებებს მანიპულაციურს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, ბაზრის ანალიზი აჩვენებს რომ მოქალაქეებისთვის ცხოვრების შემსუბუქება ფასების დაწევით შესაძლებელია, თუმცა ეს პროცესი ბიზნესს არ დააზარალებს.
სასურსათო პროდუქციის ფასების რეგულირების შესახებ ინიციატივა პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა. ხელისუფლება ბიზნესთან კონსულტაციის პარალელურად, ბაზრის შესწავლას გეგმავს. დანაშაულებრივი სქემების აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეების ინტერესების დაცვის მიზნით საქმეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩაერთვება.