ნავთობის მრეწველობის სრული კონტროლი და ქვეყნის ბუნებრივი რესურსების გაყიდვაზე ექსკლუზიური უფლება — დონალდ ტრამპი, მრჩეველთა გუნდთან ერთად, ვენესუელას ბუნებრივი რესურსების მართვის სქემას ამუშავებს. "ვოლ სტრიტ ჟურნალი" წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ, თეთრი სახლის გათვლით, ამ გეგმამ, მრავალი წლის განმავლობაში, მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე ამერიკის შეერთებული შტატების დომინაცია უნდა უზრუნველყოს.
თეთრმა სახლმა საკუთარი ეკონომიკური გეგმის განხორციელება უკვე დაიწყო. ცნობილია, რომ ვაშინგტონი კარაკასს ეკონომიკურ სანქციებს ეტაპობრივად მოუხსნის, მოახდენს ვენესუელის საცავებში არსებული ნავთობის რეალიზაციას. გაყიდვით მიღებულ შემოსავალს კი შტატების კონტროლქვეშ არსებულ ანგარიშებზე ჩარიცხავს. ამერიკის ენერგეტიკის მდივნის მონაცემებით, თანხა შეერთებულ შტატებისა და ვენესუელას ინტერესებს მოხმარდება. ამასთან ერთად, შტატები თავად განსაზღვრავს, თუ რა არის ვენესუელას ინტერესი.
ვენესუელას დროებითი მთავრობა ახლა შეერთებულ შტატებთან სავაჭრო მოლაპარაკებებს აწარმოებს. საუბარია სახელმწიფო ნავთობკომპანიის მიერ საწვავის მოცულობების გაყიდვის გარიგების პირობებზე. ეროვნული ასამბლეის წევრებთან შეხვედრაზე, კარაკასში, ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ვენესუელა მზად არის, დაამყაროს "პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები", რომლებიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს შეესაბამება.
ვენესუელას ახალ მთავრობასთან სავაჭრო ურთიერთობების ფორმირებაზე საუბრობენ ვაშინგტონშიც. თეთრი სახლის პრესსპიკერი აცხადებს, რომ აშშ-ის მთავრობამ უკვე დაიწყო ქვეყნიდან ნედლი ნავთობის რეალიზაცია, პროცესში კი, ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევით, მსოფლიოს წამყვანი მარკეტერები და ძირითადი ბანკები მონაწილეობენ.
სავაჭრო ურთიერთობების დამყარების პარალელურად, ამერიკა ვენესუელის შიდა პოლიტიკური ლანდშაფტის ფორმირებასაც გეგმავს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ქვეყანაში დაიწყება ეროვნული შერიგების პროცესი, ოპოზიციური ძალების ამნისტია და სამოქალაქო საზოგადოების აღდგენა.
ვიდრე ვაშინგტონი კარაკასის შიდა პოლიტიკურ საკითხებს გადაწყვეტს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და შვიდდღიანი გლოვა გრძელდება. ცნობილი გახდა, რომ გასულ კვირას ომის დეპარტამენტის სამხედრო სპეცოპერაციას 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ვენესუელაში ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებებს აკრიტიკებს ოფიციალური ბერლინი. განცხადება გერმანიის პრეზიდენტმა გააკეთა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თქვა, რომ ვაშინგტონი მსოფლიო წესრიგს ანგრევს.
ვენესუელის დაკავებული პრეზიდენტი მორიგ სასამართლო პროცესს ნიუ-იორკში მდებარე ფედერალურ ციხეში ელოდება, რომელიც 17 იანვარსაა ჩანიშნული. ნიკოლას მადუროს, მეუღლესთან ერთად, ამერიკული მართლმსაჯულებისთვის ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ბრალდებებზეც მოუწევს პასუხის გაცემა.