ნიკოლას მადურო და სილვია ფლორესი მანჰეტენიდან ბრუკლინში ჯერ ვერტმფრენით, შემდეგ კი სამხედრო ჯავშანტექნიკით გადაიყვანეს. ვენესუელის ხელ-ფეხ შეკრულ პრეზიდენტსა და მის მეუღლეს მძიმე დანაშაულში ბრალდებული პატიმრებისთვის განკუთვნილი ციხის უნიფორმა ეცვათ.
სასამართლოსთან მათ რამდენიმე ათეული დემონსტრანტი დახვდათ. სხვადასხვაგვარი იყო წინადადებები, რომელსაც ადგილზე შეკრებილი ვენესუელელები სკანდირებდნენ. ნაწილი მადუროს დასჯას ითხოვდა, ნაწილი ტრამპს მადლობას უხდიდა, ნაწილი კი თეთრ სახლს კარაკასში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო აკრიტიკებდა.
ბრალდებულ ცოლ-ქმარს მანჰეტენის სასამართლოს ყველაზე დიდ, მეთოთხმეტე დარბაზში, 92 წლის ის მოსამართლე ელოდა, რომელსაც წლების განმავლობაში არაერთი დამნაშავე, მათ შორის, დიქტატორი და ტერორისტი უნახავს.
მადუროების ინტერესებს ჯულიან ასანჟის ადვოკატი - ბარი პოლაკო იცავდა. სწორედ ის დაეხმარა ჯაშუშობაში ბრალდებულ ჟურნალისტს იუსტიციის დეპარტამენტთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში, რის შემდეგაც ასანჟი 4 წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
"მე დამნაშავე არ ვარ და ისევ ვენესუელის პრეზიდენტი მქვია" - ეს ის სიტყვებია, რაც ნიკოლას მადურომ დახურულ კარს მიღმა წარმოთქვა. უარყო ბრალდება - ნარკოტერორიზმისა და ამერიკისთვის საფრთხის შემცველი იარაღის ფლობის შესახებ. სასამართლომ არ ცნო მისი იმუნიტეტი, რომელსაც მას საერთაშორისო სამართალი ანიჭებს და მადუროს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი 4 საათი გაგრძელდა.
სწორედ ამ დროს კარაკასში, მადუროს კაბინეტის წევრი, ვიცე-პრეზიდენტი ფიცს დებდა. დელსი როდრიგესმა ტრამპთან ხიდების აშენებაც დაიწყო.
შტატების მიერ 3 იანვარს კარაკასში განხორციელებული სპეცოპერაცია განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოზე.
მიმდინარე მოვლენების ფონზე, შეერთებული შტატები ამტკიცებს, რომ ვენესუელაზე სრულ კონტროლს ახორციელებს.
ამ თემაზე სახელმწიფო მდივანმა მედიასთანაც ისაუბრა. მარკო რუბიო აქცენტს კარაკასში დემოკრატიული პროცესების დაწყების აუცილებლობასა და არსებული ნავთობის შტატების კომპანიებისთვის გადაცემის საკითხზე აკეთებს.
ვენესუელაში 30 წუთიანი სპეციალური ოპერაცია ამერიკელებმა 3 დღის წინ განახორციელეს. შეიარაღებული ღონისძიების ფარგლებში, 7 სტრატეგიული ობიექტი დაიბომბა, მათ შორის არის დედაქალაქი კარაკასი. ამავე დღეს, ამერიკულმა სპეცდანიშნულების რაზმმა "დელტამ" ვენესუელის პრეზიდენტის სასახლეში - ნიკოლას მადურო და მისი ცოლი აიყვანა.