11 აგვისტო 2026,   23:30
ვრცლად
ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტი სატელეფონო ზარი და მილიონობით გადარჩენილი სიცოცხლე - ახალი წლის ღამე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის თანამშრომლებისთვის

არ აქვს მნიშვნელობა, წლის რომელი დღეა კალენდარზე, არსებობს პროფესიები და სამსახური, რომლისთვისაც ადამიანების დახმარება პირველ ადგილზე დგას. ასეთია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის მისია. მილიონობით სატელეფონო ზარი და გადარჩენილი სიცოცხლე - როცა წამებმა, შესაძლოა, ადამიანის ბედი გადაწყვიტოს, სწრაფი რეაგირებაც პრიორიტეტული ხდება. 112-ის ოპერატორები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, განსაკუთრებით ემოციური მათთვის ბავშვების ხმაა, ბავშვები, რომლებიც დახმარებას უფროსებისთვის ითხოვენ.

რეაგირება წუთებსა და წამებში ხდება, აქ დრო გადამწყვეტია, რადგან საქმე ადამიანების სიცოცლეს ეხება. როცა ტელეფონის მეორე მხარეს - შიში, უიმედობა, სასოწარკვეთა ან შესაძლოა პანიკაც კი იყოს, აქ ემოციებს ყველა აკონტროლებს. ყოველ ზარს თავისი ისტორია აქვს - ზოგი დახმარებას ითხოვს, ზოგს მოსალოდნელი საფრთხე აშინებს, ზოგი სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად რეკავს. პასუხი კი ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებულია. 112-ის ოპერატორებისთვის მთავარი სწრაფი მოქმედება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენააა.

ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტი სატელეფონო ზარი და მილიონობით გადარჩენილი სიცოცხლე - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. სასწრაფო, სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია - ჩვენს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას სწორედ ეს ადამიანები იღებენ. საჭიროების შემთხვევაში 112-ის ოპერატორები არა მხოლოდ ქართულ, არამედ აზერბაიჯანულ, სომხურ და თურქულ ენებზეც პასუხობენ.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის კი, ყოველთვის არის ის, ვინც ჟესტების ენით საუბრობს.

ბავშვების ხმები ტელეფონის მეორე მხარეს სხვანაირად ჟღერს. დაბნეული, შიშნარევი, ზოგჯერ ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები. მაშინ, როცა ზრდასრულები ვეღარ მოქმედებენ, სწორედ ბავშვები ხდებიან ყველაზე დიდები. მათ მხოლოდ ერთი გულწრფელი სურვილი აქვთ - გადაარჩინონ ის, ვინც ყველაზე მეტად უყვართ.

ასეთი ზარები 112-ში ხშირია. ამ დროს ოპერატორების პასუხისმგებლობა კიდევ უფრო იზრდება, რადგან მთავარი არა მხოლოდ დახმარების დროულად გაგზავნა, არამედ პატარების თანადგომა, მათი შიშის განეიტრალება და ნუგეშია. მთავარია, იგრძნონ, რომ მარტო არ არიან. ასეთ ბავშვებს ყოველწლიურად 112 საგანგებოდ აჯილდოვებს.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის თანამშრომლებს ხშირად ახალი წლის ღამის შეხვედრაც სამსახურში უწევთ, რადგან დღესასწაულის მიუხედავად, ზარები არც ამ დღეს წყდება.

2026 წლის დადგომა მორიგე თანამშრომლებს შინაგან საქმეთა მინისტრმა მიულოცა. გეკა გელაძე მოადგილეებთან ერთად, 112-ის, საპატრულო პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებს შეხვდა და მადლობა გადაუხადა. ქვეყნის პირველმა პოლიციელმა ხაზი გაუსვა ყველა იმ თანამშრომლის შრომას, რომელიც სადღესასწაულო დღეებში საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები