ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს დუმილს, საგარეო საქმეთა მინისტრისთვის კონკრეტული მიზეზი აქვს. მაკა ბოჭორიშვილისთვის ევროპული სტრუქტურების მხრიდან რეალობისგან თავის შეგნებულად არიდებაა, როდესაც სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო უკრაინასა და მოლდოვაში კორუფციულ და ადამიანის უფლებების საკითხებს არ აფასებს. ოფიციალური ანგარიში ყველა კანდიდატი ქვეყნის შემთხვევაში 6 ძირითად მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა გამონაკლისი უკრაინა და მოლდოვა აღმოჩნდა.
რატომ გამოტოვა ევროკომისიამ და ევროკავშირის საბჭომ საერთო ანგარიშიდან უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში კორუფციისა და ადამიანის უფლებების შესახებ თავი - კითხვის ადრესატები ევროპული სტრუქტურები არიან. "კურიერმა" შეკითხვა ევროკავშირის წარმომადგენლობაში ჯერ კიდევ გუშინ გაგზავნა, თუმცა წარმომადგენლობა დუმილის რეჟიმშია. რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონიათ არც ევროკომისიაში. იგივე შინაარსის შეკითხვით დღეს უკვე ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერს ანიტა ჰიპერს მივმართეთ, თუმცა ევროპელმა მაღალჩინოსანმა, არც ელექტრონული ფორმით გვიპასუხა და მობილურ ტელეფონზე დაკავშირებაც შეუძლებელი აღმოჩნდა.
მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებით, პასუხის გარეშეც ცხადია, რომ საქართველოს შემთხვევაში, ევრობიუროკრატია ორმაგი მიდგომით მოქმედებს.
კორუფციის და ადამიანის უფლებების მხრივ რომ უკრაინაში და მოლდოვაში პრობლემებია, ამას ვერც ოპოზიცია უარყოფს, თუმცა ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს მიდგომას იმ მოტივით ამართლებენ, რომ ოფიციალურ კიევსა და კიშინიოვს პრობლემების გადაჭრის მზაობა აქვთ.
დემოკრატიული პრინციპების იგნორირებაა საპარლამენტო უმრავლესობისთვის ევროპული სტრუქტურების დამოკიდებულება. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ განსხვავებული მიდგომის მიუხედავად, ვერც ევროკომისია და ვერც ევროკავშირის საბჭო ვერ შეძლებენ უკრაინაში და მოლდოვაში არსებული ვითარება დამალული დარჩეს. "ქართული ოცნება" იმ კვლევებს და საერთაშორისო ინდექსებს იხსენებს, რომლებიც სწორედ ევროკომისიის დაკვეთით მზადდება და თითქმის ყველა მიმართულებით საქართველო უკრაინაზე და მოლდოვაზე წინაა.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ შეფასების დოკუმენტი ყველა კანდიდატი ქვეყნის ანალიზს მოიცავს. განსხვავებული მიდგომა მხოლოდ უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში გამოიკვეთა.