6 მილიონი დაღუპული, მათ შორის, მილიონ-ნახევარი ბავშვი - ჰოლოკოსტის სახელით ცნობილ, 1939-45 წლებში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს, ებრაელთა ერის თითქმის მესამედი ემსხვერპლა. ნაცისტური გერმანიის მიერ ეთნიკურად ებრაელების დევნა 30-იანის წლების ბოლოს დაიწყო და სასტიკ სისხლისღვარასა და გენოციდში გადაიზარდა. ჰოლოკოსტმა ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებული ქვეყნების ადგილობრივი მოსახლეობის ებრაელებისადმი დამოკიდებულებაზეც იმოქმედა. ისჯებოდა ებრაელი მეგობრების ან მეზობლების შეფარება, მათზე ინფორმაციის გაცემა კი უხვად ჯილდოვდებოდა.
თუმცა, მიუხედავად ამ სასტიკი ანგარიშსწორებისა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტისა, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად ეწინააღმდეგებოდნენ ამ ბოროტებას და ებრაელებს იცავდნენ. წლების შემდეგ ებრაელმა ერმა მათ "მსოფლიოს ხალხთა მართალი შვილები" უწოდა.
მათ შორის ყველაზე ცნობილი, გერმანელი მეწარმე ოსკარ შინდლერია, რომელმაც ათასზე მეტი ებრაელის სიცოცხლე იხსნა, თუმცა საქართველოსაც ჰყავს თავისი შინდლერები. ზოგი მათგანის ისტორია კი, იმაზე გაცილებით ადრე იღებს სათავეს, ვიდრე შინდლერი თავის ცნობილ სიას შეადგენდა.
ოსკარ შინდლერამდე იყო საბა კლდიაშვილი - ქიმიკოსი, მეცნიერი და პუბლიცისტი, რომელიც 1905 წელს ოდესაში, მეფის რუსეთის ჟანდარმერიის მიერ, პოგრომების სახელით ცნობილ ებრაელთა თემის დარბევას ემსხვერპლა. საბა კლდიაშვილმა შეკრიბა სტუდენტები, მოუწოდა მათ ებრაელების დაცვისკენ, თუმცა თავდასხმისას სასიკვდილოდ დაიჭრა და მალევე გარდაიცვალა.
ქართველ შინდლერად წოდებული სერგი მეტრეველი, არქიმანდრიტი წმინდა გრიგოლ ფერაძე და მიხეილ კედია - ეს ის ქართველები არიან, რომლებმაც არაერთი ებრაელი იხსნეს ნაცისტური გერმანიის სისასტიკისგან. მათი ისტორია ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა ერთი საერთო მიზანი აერთიანებთ.
ფილოსოფიის დოქტორი, სასულიერო პირი გრიგოლ ფერაძე მეორე მსოფლიო ომის დროს ვარშავაში მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორი იყო და ხშირად იფარებდა ფაშისტების მიერ დევნილებს. მორიგი ასეთი შემთხვევა კი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, 1942 წელს გრიგოლ ფერაძე მოხუც ებრაელს გამოესარჩლა, რომელსაც გერმანელი ჯარისკაცი სცემდა. გრიგოლ ფერაძე მალევე დააპატიმრეს და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა. გადმოცემის თანახმად, გაზის კამერაში ის მრავალშვილიანი მშობლის მაგივრად შევიდა.
კიდევ ერთი ქართველი "შინდლერი" სერგო მეტრეველია. მისი თავდადების ისტორიაზე ებრაელი ერი ათწლეულების შემდეგაც საუბრობს. მისი სახელი და გვარი სამუდამოდ ჩაიწერა მსოფლიოს ხალხთა მართალი შვილების გვერდით. სერგო მეტრეველმა 1942 წელს რამდენიმე ებრაელი დევნილი იხსნა გერმანელებისგან, კისლოვოდსკიდან 16 დღის განმავლობაში 585 კილომეტრი ფეხით ატარა ისინი და საკუთარ სახლში შეიფარა. გადარჩენილებს შორის იყო 15 წლის ემილ ზიგელი, რომელმაც შემდგომ თაობებს გადასცა სერგო მეტრეველის გმირობის ამბავი. 2004 წელს კი, ზიგელის ინიციატივით, სერგო მეტრეველის სახელი იად ვაშემის მემორიალურ დაფაზე ამოიტვიფრა. ის ერთადერთი ქართველია, რომელსაც ებრაელმა ხალხმა მსოფლიო ხალხთა მართალი შვილების მედალი და სიგელი გადასცა. თუმცა ამას თავად ვეღარ მოესწრო. ის 1991 წელს გარდაიცვალა. მის საგმირო საქმეებს ახლა ოჯახის წევრები იხსენებენ.
წლების შემდეგ, სწორედ სერგო მეტრეველის მიერ გადარჩენილი ემილ ზიგელი იხსენებს იმ გმირობას, რაც მისმა გადამრჩენელმა ჩაიდინა.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკული მოვლენებიდან 80 წელზე მეტი გავიდა, ქართველი შინდლერების ღვაწლზე ისრაელში დღემდე საუბრობენ. ეს ქართველებისა და ებრაელების 26 საუკუნოვანი მეგობრობისა და ერთგულების მხოლოდ ერთი ისტორიაა.
ავტორი: სანდრო სანაია