08 აგვისტო 2026,   12:59
ვრცლად
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - საბაზო ინფლაცია სამიზნეზე დაბალია, რაც მიუთითებს, რომ ფასების საერთო დონეზე ზეწოლა არ არსებობს

მისიის დასასრულს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრებმა პრესრელიზი გაავრცელეს, რომელშიც შეფასებულია საქართველოს ეკონომიკურ ზრდა, ფინანსურ მოვლენები და რეფორმები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს, თუმცა, ზრდის ტემპი ზომიერდება და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საშუალოვადიან ტრენდს უახლოვდება.

როგორც ცნობილია, 10-16 დეკემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ს) მისიამ ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით თბილისში ქვეყნის ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური მოვლენების და რეფორმების პრიორიტეტების მიღწევის პროგრესის შესაფასებლად გამართა შეხვედრები.

„საქართველო მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ინარჩუნებს. 2025 წელს რეალური მშპ-ს 7.3 პროცენტიან ზრდას ველით. ზრდის ეს ტემპი ოდნავ ჩამოუვარდება 2024-ის მაჩვენებელს, ხოლო ისტორიულ ჭრილში კვლავ მაღალია. ეკონომიკურ საქმიანობაში წამყვანია საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის და განათლების სექტორები, რომელთა ზრდა პანდემიის შემდგომ და უკრაინაში ომის დაწყების პერიოდიდან აჩქარდა. სწრაფმა ზრდამ უმუშევრობის დონე ისტორიულად დაბალ 13.3%-მდე შეამცირა, თუმცა, უმუშევრობა სტრუქტურულად მაღალი რჩება”, - განაცხადა ალეხანდრო ჰაიდენბერგმა.

ინფლაციასთან დაკავშირებით კი დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინფლაციის ზრდა ძირითადად ადგილობრივი საკვების ფასის მატებამ განაპირობა, რაც გარდამავალი ფაქტორია.

„საბაზო ინფლაცია სამიზნეზე დაბალია, რაც მიუთითებს, რომ ფასების საერთო დონეზე ზეწოლა არ არსებობს. სებ-მა სათანადოდ შეინარჩუნა ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა და პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა. მიუხედავად ამისა, თუ ინფლაცია მოლოდინს გადააჭარბებს, სებ-ი პოლიტიკის გამკაცრებისთვის მზად უნდა იყოს", - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე მიმოხილულია ფისკალური პოლიტიკა და აღნიშნულია, რომ ის მოწესრიგებულია.

ალეხანდრო ჰაიდენბერგი ეროვნული ბანკის საქმიანობასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის ძლიერი მმართველობა და დამოუკიდებლობა გადამწყვეტია ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

„საფინანსო სექტორი ჯანსაღია, ბანკების კაპიტალიზაცია, მომგებიანობა, ლიკვიდურობა და აქტივების ხარისხი მაღალია”, - ნათქვამია დოკუმენტში.

ალეხანდრო ჰაიდენბერგი საქართველოს ხელისუფლებას და ყველა სხვა პარტნიორს მასპინძლობისთვის და პროდუქტიული დისკუსიებისთვის მადლობას უხდის.

დღის ამბები