18 ივნისი 2026,   23:05
ვრცლად
მოლაპარაკებები სამშვიდობო გეგმაზე - "ფრანს პრესის" ინფორმაციით, ბერლინში გამართულ შეხვედრაზე ჯარედ კუშნერმა და სტიფ უიტკოფმა უკრაინის პრეზიდენტისგან დონბასის დათმობა ღიად მოითხოვეს

გერმანიის კანცლერის რეზიდენციაში ომის დასრულების საკითხზე, ვაშინგტონის და კიევის მოლაპარაკებებისას, ამერიკულმა დელეგაციამ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლა განახორციელა. "ფრანც პრესს" უკრაინელმა მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის დაცვით უთხრა, რომ ჯარედ კუშნერმა და სტიფ უიტკოფმა უკრაინის პრეზიდენტისგან დონბასის დათმობა ღიად მოითხოვეს.

ოკუპირებული რეგიონების დათმობაზე და კონტროლირებადი ტერიტორიის ჩაბარებაზე კიევი ვაშინგტონს არ თანხმდება. "ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, უკრაინამ სამშვიდობო გეგმაში დონბასიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის შესაძლებლობა გამორიცხა.

ტერიტორიის დათმობისგან განსხვავებით, უკრაინის პრეზიდენტი თანახმაა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა დათმოს.

უკრაინის კონსტიტუციაში გაცხადებულ მიზანზე უარის თქმის მიზეზი, ზელენსკიმ მედიისთვის გაგზავნილ წერილში განმარტა. გაირკვა, რომ ომში მყოფ უკრიანას, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წელს, ამერიკის შეერთებული შტატები და ალიანსის ზოგიერთი წევრი, ნატო-ში გაწევრიანების კუთხით მხარს აღარ უჭერს. უკრაინის პრეზიდენტი ახლა მოკავშირეებისგან უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებას ითხოვს.

უკრაინის მიერ ნატო-ზე უარის თქმა, მოსკოვისთვის სამშვიდობო შეთანხმების დადების მთავარი პირობაა. განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა მედიასთან სატელეფონო კომენტარში გააკეთა.

ამ დრომდე უცნობია, რა ტიპის უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს უკრაინა მოკავშირეებისგან მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში გაცხადებულ მიზანზე და ბუქარესტის და ვილნიუსის დეკლარაციებში ასახულ დაპირებაზე უარს იტყვის.

ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისთვის წაყენებული პირობების და ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საკითხზე ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტს, კანცლერს და პარლამენტის წევრებს ესაუბრა.

დღის ამბები