ხელოვნური ინტელექტით გენერირებული მედია პერსონაჟი პირობითი სახელით "კონსტანტინე", უკვე ერთ კვირაზე მეტია, გამოცემა "პრაიმ ტაიმის" გამომწერებს ყოველდღიურ სიახლეებს აცნობს. ვირტუალური წამყვანი დღის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ სიახლეებზე გვიყვება, თანაც მოკლედ და გასაგებად.
ახალი ამბების ვირტუალური წამყვანის გარდა, "პრაიმ ტაიმმა", ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, სხვა პერსონაჟებიც შექმნა. ყოველ დილით, სახლიდან გასვლამდე ამინდის პროგნოზს "სოფია" გაგაცნობთ, ვალუტის კურსს "ნია", ასტროლოგიის მოყვარულებს რჩევებს "მარიანა" გაგიზიარებთ, ე.წ. ყვითელ ამბებს კი "ლილუ" მიმოიხილავს.
ქართულ მედიაში ხელოვნური ინტელექტის ამ სახით ინტეგრირების იდეა "პრაიმ ტაიმის" დამფუძნებელს ეკუთვნის. თამარ ფხაკაძე ამბობს, რომ AI-ს განვითარებამ სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათ შორის, მედიაში ახალი შესაძლებლობები გააჩინა. მედიამენეჯერი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი რეალურ ჟურნალისტს ვერ ჩაანაცვლებს, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას არ აქვს ინტუიცია, სოციალურ კონტექსტში ჩაღრმავების უნარი და თვისებები, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგამოძიებო, თუ ადამიანურ ისტორიებზე მიმართული ჟურნალისტიკისთვის. "პრაიმ ტაიმის" მაგალითმა უკვე აჩვენა, რომ ვირტუალური მედიაპერსონაჟი რეალური ჟურნალისტის ძლიერი დამხმარე და მოკავშირე უფროა, ვიდრე მისი შემცვლელი, ან კონკურენტი.
ხელოვნური ინტელექტით გენერირებული წამყვანები და რეალური ჟურნალისტები "პრაიმ ტაიმის" ნიუსრუმში უკვე სრულფასოვნად თანამშრომლობენ. სპეციალური ჯგუფი ყოველდღიურად მუშაობს იმაზე, რომ გამოცემის ტექსტური კონტენტის ყველაზე მნიშვნელოვანი თემები AI-ს მეშვეობით დააგენერიროს და საკუთარ გამომწერებს ვიზუალური მასალა ოპერატიულად მიაწოდოს. "პრაიმ ტაიმში" დარწმუნებულნი არიან, რომ ვირტუალური პერსონაჟები ქართულ მედიაში საკუთარ ნიშას მალე დაიკავებენ.
სანდოობის გარდა, რა იყო მთავარი გამოწვევა, როდესაც სოციალურ ქსელში ასი ათასობით გამომწერს ხელოვნური ინტელექტით გენერირებული წამყვანები წარუდგინეს? "პრაიმ ტაიმში" ამბობენ, რომ, ქართული ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, ტექნიკური დავალება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ მედია ყოველთვის დარჩება იმ სივრცედ, სადაც მთავარი რეალური ემოციებია, თუმცა ცხადია ისიც, რომ ამ სივრცეში ხელოვნური ინტელექტი უკვე გახდა ადამიანის ძლიერი ტექნოლოგიური პარტნიორი.