13 აგვისტო 2026,   21:29
ვრცლად
"გიორგი ბაჩიაშვილი იყო პასუხისმგებელი მთლიანად პროექტის განხორციელებაზე, მან ეს ვერ განახორციელა მისი ზერელე დამოკიდებულების გამო და ამან გამოიწვია ძალიან ცუდი შედეგები" - პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში "მტკვარი ჰესის" საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეს მოუსმინეს, რომელიც თანაინვესტირების ფონდის თანამშრომელია.

დაკავებული ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს, ბრალდების მხარე კი არაერთ მტკიცებულებაზე საუბრობს, რომელიც პროკურორის განცხადებით დაკავებულის დანაშაულს ადასტურებს.

"გიორგი ბაჩიაშვილის პასუხისმგებლობა დასტურდება და იკვეთება კანონმდებლობის მიხედვით. კანონმდებლობა ამბობს, რომ გენერალური დირექტორი არის ყველა გადაწყვეტილებაზე, კონკრეტული საწარმოს მართვაზე პასუხისმგებელი. სამართლებრივადაც, დოკუმენტურადაც, წესდებითაც, ხელშეკრულებითაც გიორგი ბაჩიაშვილი იყო პასუხისმგებელი მთლიანად პროექტის განხორციელებაზე. მან ეს ვერ განახორციელა მისი ზერელე დამოკიდებულების გამო და ამან გამოიწვია ძალიან ცუდი შედეგები.

უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით, 140 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა დამჯდარიყო და შემდეგ 100 მილიონ დოლარზე მეტით გაიზარდა მისი ღირებულება. შესაბამისად, რიცხვები მხოლოდ და მხოლოდ ღირებულების კონტექსტში ყველაფერზე თვითონ მეტყველებს," - აღნიშნა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.

გიორგი ბაჩიაშვილს "მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

 

დღის ამბები