პოზიტიურ შეხვედრად შეფასდა მოლაპარაკებები, რომელზეც უკრაინულმა და ამერიკულმა მხარეებმა ომის დასრულების 28-პუნქტიანი გეგმა განიხილეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ თეთრი სახლის ლიდერის მეთაურობით შედგენილ სამშვიდობო შეთანხმებაში შესაძლოა მცირე ცვლილებები შევიდეს, თუმცა ეს დოკუმენტის საერთო სურათს არ შეცვლის.
არცერთი საკითხი გადაულახავი არ არის - ეს ანდრიი იერმარკმაც დაადასტურა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელიც ჟენევაში მყოფი ეროვნული დელეგაციის წევრია, ამბობს, რომ ომში მყოფი ქვეყანა ახლა მშვიდობასთან ყველაზე ახლოს არის, ფინალს კი მიმდინარე მოლაპარაკებები კიდევ უფრო აახლოვებს.
ვიდრე შვეიცარიის დედაქალაქში უკრაინიდან და შტატებიდან ჩასული დიპლომატები იმ ჩარჩო დოკუმენტს განიხილავდნენ, რომელმაც კონფლიქტში ჩართული მხარეები ომის დასრულების გზაზე კონსენსუსამდე უნდა მიიყვანოს, ალტერნატიული ვარიანტი უკვე შექმნეს ევროპულმა ქვეყნებმა. საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერების მიერ ჩამოყალიბებული "ევროპის სამშვიდობო გეგმა" ტრამპის 28-პუნქტიანი დოკუმენტის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება. მასში წერია, რომ ნატო-ს გაფართოება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახელმწიფოებმა უნდა გადაწყვიტონ, მასში გაწევრიანებაზე კი უკრაინამ უარი არ უნდა თქვას. ასევე, დოკუმენტში საუბარია გაყინულ რუსულ აქტივებზეც, რომლებიც შეთანხმების ევროპისეული ვერსიით გაყინული დარჩება მანამ, სანამ უკრაინას რუსეთი მიყენებულ ზიანს სრულად არ აუნაზღაურებს. სადავოა ომში მყოფი ქვეყნის ტერიტორიაზე ნატო-ს სამხედრო კონტინგენტის განლაგების საკითხიც.
ტრამპის გეგმა ევროპის სასარგებლოდ არ გადაიხედება და დამატებითი კონსესუსი არ იქნება რუსეთის მხრიდან - ეს საკითხი კრემლში უკვე გადაწყვეტილია. ოფიციალური პოზიცია დღეს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური უშაკოვმა გააჟღერა.
სანამ ტრამპის გეგმაზე რომელიმე მხარე თანხმობას ან უარყოფას გამოხატავს, უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას გაწეული დახმარებისთვის, მხოლოდ გუშინ, ოთხჯერ გადაუხადა მადლობა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ თეთრი სახლის ლიდერი ომში მყოფი ქვეყნისგან ომის დასრულებისთვის გაწეული ძალისხმევის გამო "ნულოვან მადლიერებას" ხედავს. დღეს ზელენსკი იმასაც ამბობს, რომ ევროპის კონტინენტზე მშვიდობის მისაღწევად, მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება.
საბოლოო გადაწყვეტილება შეთანხმებაზე უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა პირებმა უნდა მიიღონ. დათანხმდება თუ არა მოსკოვი ვაშინგტონისა და კიევის მიერ ერთობლივად შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას, ჯერჯერობით უცნობია. ამასობაში, ომი უკრაინაში გრძელდება და მსხვერპლი ყოველდღე იზრდება.