რუსოფობიის გაღვივების მცდელობა და ჰიბრიდული ომის ახალი ტალღა - მმართველი გუნდი აცხადებს, რომ გლობალური ძალები ცდილობენ, რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ანტირუსული მუხტი არასდროს შენელდეს, საქართველო კი მუდმივი ეკონომიკური და სამხედრო საფრთხის წინაშე იყოს.
"ქართული ოცნების" შეფასებით, გარე მტრული ძალების მიზანი საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაზრდა, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლა და ვითარების ესკალაციაა. შეფასებები კეთდება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებშიც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, გლობალურ დაპირისპირებაში "დიფ სთეითისათვის" განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რუსეთის ფედერაცია იქნას დამარცხებული და ამ დაპირისპირებაში დიდი ფინანსური მოგება მიიღოს.
"რა საკვირველია, ინტერესი არის გლობალურ დაპირისპირებაში გამარჯვება. "დიფ სთეითისათვის" განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რუსეთის ფედერაცია იქნას დამარცხებული ამ დაპირისპირებაში და რეალურად, ინტერესები, რასაც ჰქვია ენერგო რესურსების მოპოვება, რასაც ჰქვია დიდი ფინანსური მოგებების მიღება, დაკავშირებულია იმ პროცესის განვითარებაზე, რასაც სამხედრო დაპირისპირება ჰქვია. უმრავლეს შემთხვევაში, ეს არის მთავარი ამოცანა, ამ დაძაბულობის შენარჩუნება და რა საკვირველია, ამ სივრცეში ზე მოგებების მიღება. საქართველო ამ საკვანძო ქვეყანას წარმოადგენს ნებისმიერი სატრანზიტო მიმოსვლისათვის, რომელზე გავლენაც უნდათ, რომ ჰქონდეთ. არავითარი ფასეულობების დაცვისათვის ბრძოლას ადგილი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ეროვნული მთავრობა ცდილობს დაიცვას თავისი ინტერესები, საკუთარი ქვეყნის - საქართველოს ინტერესები", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.