14 აგვისტო 2026,   15:32
ვრცლად
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საარჩევნო კოდექსის" პროექტი პირველი მოსმენით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსის“ პროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

ორგანული კანონის პროექტით, იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესები. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება. ამასთანავე: ზუსტდება ზოგიერთი ტერმინის განმარტება, მათ შორის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში გამართვის კუთხით; პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით ზუსტდება ფოტოვიდეოგადაღების წესები; დგინდება, რომ სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას განკარგულებას საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გამოსცემს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე; საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტების ჩამონათვალს ემატება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება; საარჩევნო ოლქებისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნის მარეგულირებელი ნორმები ერთიანდება ერთ თავში; მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები, იცვლება და ერთგვაროვანი ხდება კანდიდატების წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის/რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები; ზუსტდება საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევის ვადა და სხვა.

როგორც მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქცია პარლამენტმა 2011 წელს მიიღო და მასში დღემდე 100-მდე ცვლილება შევიდა.

„არსებული გამოწვევებიდან და იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც საარჩევნო კუთხით ჩვენს ქვეყანაში დაგროვდა, მივედით დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყო საზოგადოებისთვის ახალი კოდექსის წარდგენა, სადაც მოხდებოდა ნორმების სისტემატიზაცია, გარდამავალ დებულებებში არსებული დროებითი ქცევის წესების მუდმივ წესებად დადგენა და ცალკეული პრინციპული საკითხების ასახვა“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები