გიორგი მამარდაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, ქართველ ფეხბურთელებზე პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმის მიზეზი გახდა. ოპოზიციის მხარდამჭერების და აქტივისტების მიერ, სავარაუდოდ, კამპანიური ხასიათის ბულინგმა, მიზანში ამოიღო არამხოლოდ პოსტის ავტორი, არამედ ეროვნული ნაკრების ყველა ფეხბურთელი.
მამარდაშვილის შემდეგ, იმავე ხალხმა, გიორგი ქოჩორაშვილის Facebook-ზე გადაინაცვლა და ქართველ ნახევარმცველს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მოსაზრების გამო, ასევე, კამპანიურად დაესხნენ თავს.
ფეხბურთელების ბულინგში ახალი თაობის აქტივისტებს არც ძველი და ოდიოზური ფიგურები ჩამორჩნენ. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ეროვნულობა და კარიერა დაუწუნა ირინა სარიშვილმაც, რომლის პოლიტიკური კარიერის ბოლო ეტაპი რუსეთში გაქცეული კგბ-ს გენერლის, იგორ გიორგაძის პარტიის თავმჯდომარეობა იყო.
ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საკუთარი მხარდამჭერები დარაზმა მიხეილ სააკაშვილმაც. ციხეში მყოფმა ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს კორუფციული გარიგებები და ხალხის ღალატი დააბრალა. ეროვნული ნაკრების მიმართ სიძულვილის ენამ სოციალურ ქსელებში ოპოზიციის აქტივისტები და არაიდენტიფიცირებადი ტროლებიც გააერთიანა. "ბარბაროსა," "ჰაკუნა მატატა," "ლიო ლიო" და სხვები... ასე, ყველამ ერთად, თავი მოიყარა გიორგი მამარდაშვილის ფეისბუქ პოსტის ქვეშ. ქართველ ფეხბურთელებს მხოლოდ იმიტომ შეურაცხყოფდნენ, რომ ზოგს, შესაძლოა, მათგან განსხვავებული აზრი აქვს, ზოგს გამოხატვის ფორმა დაუწუნეს, ნაწილს კი სარეკლამო კლიპში მონაწილეობა.
ის, ვინც ეროვნულ ნაკრებს ნამდვილად არ დაუკარგავს, ეს გულწრფელი გულშემატკივარია - ათი ათასობით ადამიანი, რომელიც ქართველ ფეხბურთელებთან ერთად იზიარებს ყველა გამარჯვებას და ყველა მარცხს. ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, ნაკრების წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი კამპანია ცალსახად მიუღებელია.
პოლიტიკური მოტივით ფეხბურთელების ბულინგი და შეურაცხყოფა მიუღებელია ვეტერანი სპორტსმენებისთვისაც. სიძულვილის ენის ავტორებს ის დღეები შეახსენეს, როცა ეროვნულმა ნაკრებმა საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა და ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა.
თაობა, რომელმაც ფეხბურთის სიყვარული საქართველოში განსხვავებულ ნიშნულზე აიყვანა - ასე გამოეხმაურა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და თბილისის მოქმედი მერი ქართველი ფეხბურთელების დისკრედიტაციის მცდელობას. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა, თუმცა წინ ახალი გამოწვევებია. მანამდე კი, ფეხბურთელები საკუთარ კლუბებს დაუბრუნდნენ, მათ შორის, გიორგი მამარდაშვილიც, რომელიც უკვე სამ თვეზე მეტია "ლივერპულის" კარს იცავს.