ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატები დღეს ბრიუსელში საქართველოსთან დასმულ კითხვებს პასუხობდნენ. საფრანგეთის, ლატვიის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მორიგი კრიტიკული განცხადებები გააკეთეს და თქვეს, რომ მხარს იმ მოქალაქეებს უჭერენ, რომლებიც მათივე შეფასებით დემოკრატიის და თავისუფლებისთვის იბრძვიან, ხოლო ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილოები არიან.
"ქართული ოცნებისთვის" ევროპელი დიპლომატების პოზიცია რადიკალების წახალისებაა. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ პროტესტში მონაწილეების ირიბი თუ პირდაპირი მხარდაჭერა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საქართველოსთან დაკავშირებით დაინტერესებული ძალები საკუთარ მიზნებს სისრულეში არ მოიყვანენ.
პროტესტის რადიკალური ფრთის მხარდაჭერად აღიქვამენ მმართველ პარტიაში. "ქართული ოცნება" კრიტიკოსებს ურჩევს საკუთარ სახელმწიფოში არსებულ პრობლემებზე კონცენტრირდნენ.
უცხოელი დიპლომატების კრიტიკა ოპოზიციისთვის მისაღებიცაა და გასაზიარებელიც.
ქვეყნის შიგნით ოპონენტებისთვის ისევე, როგორც უცხოელი პოლიტიკოსებისთვის, მმართველ პარტიას ერთი გზავნილი აქვს. "ქართულ ოცნებაში" ყველას შეახსენებენ, რომ დემოკრატიის დამცველი ვერ იქნები, თუ ქვეყნის სუვერენიტეტს არ იცავ.
სახელისუფლებო გუნდი მოუწოდებს ყველას, რომ საქართველო მყარი და სანდო პარტნიორია, და საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა არავის მხრიდან უნდა იყოს აღქმული, როგორც მოწინააღმდეგის პოზიცია.