მძღოლი, რომელიც საჭესთან მობილური ტელეფონით ისარგებლებს, 50 ლარით დაჯარიმდება. ტრანსპორტში უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში, სანქცია აქაც 50 ლარით განისაზღვრა, ქულების რაოდენობა კი 10-ით შემცირდება - ეს საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა. მოქალაქეები ავტოტრანსპორტის მოძრაობის წესების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
მანევრირების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, დგომა-გაჩერების წესების დარღვევა, ტრანსპორტის ტროტუარზე ან ზებრაზე გაჩერება - ამ ქმედებებზეც, ჯარიმის ოდენობა იზრდება. უწყებაში ამბობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უფრო დაცვაა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა. საკითხი იურიდიულმა კომიტეტმა უნდა განიხილოს.
ცვლილებები იგეგმება ავტობუსის ზოლში მოძრაობაზეც, სადაც სხვა ავტომობილების გადაადგილება იზღუდება, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში კი მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება.
საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა, რომელსაც უახლოეს დღეებში პარლამენტი განიხილავს.
ავტორი: სიმონ შანავა