06 აგვისტო 2026,   22:11
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" მმართველი პარტიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავას გეგმავს - "ენმ-ში" არ უარყოფენ, რომ საქმის წარმოება უცხოელი პარტნიორების მითითებით დაიწყეს, რაც მმართველი გუნდისთვის მორიგი აღიარებაა

"ნაციონალური მოძრაობა" მმართველი პარტიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავას გეგმავს. საუბარია სარჩელზე, რომლითაც ოპოზიციური პარტია საგამოძიებო კომისიის დასკვნის და პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვს. "ნაცმოძრაობაში" არ უარყოფენ, რომ საქმის წარმოება უცხოელი პარტნიორების მითითებით დაიწყეს, რაც მმართველი გუნდისთვის მორიგი აღიარებაა. "ქართულ ოცნებაში" ოპონენტების ანტისახელმწიფოებრივ სტრატეგიაზე საუბრობენ, რომელიც მხოლოდ უცხოურ ინტერესებს უკავშირდება.

საკონსტიტუციო სამართალწარმოების დაწყებას დღეს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნეს "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიაში სასამართლოს ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებენ, თუმცა ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უცხოელი პარტნიორების კარნახით მიიღეს.

ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მიერ დაანონსებულ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას, მალევე, "გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის გავრცელება მოჰყვა. არასამთავრობო ამტკიცებს, რომ საპარლამენტო კომისია, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებს შეისწავლიდა, სამართლებრივად დაუსაბუთებლად დაკომპლექტდა.

"ნაცმოძრაობისა" და ენჯეოების სინქრონული მოქმედება არ უკვირთ მმართველ გუნდში. ამბობენ, რომ ოპოზიციას და არასამთავრობოებს ქვეყნის მიღმა საერთო ლობისტები და ინსტრუქტორები ჰყავთ, რასაც "ნაციონალური მოძრაობისა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ტაქტიკაც ადასტურებს. კანონმდებლების თქმით, ახალი საკონსტიტუციო სარჩელი ოპოზიციისთვის ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორიც სტრასბურგში წაღებული ყველა საქმე.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. სასამართლოშია მმართველი პარტიის მოთხოვნაც, რომელიც, დროებითი საგამოძიებო კომისიის 400-გვერდიანი დასკვნის საფუძველზე, "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი იდეოლოგიური მოკავშირე პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს.

დღის ამბები