პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში დამატებითი კონტროლის მექანიზმების დანერგვა დაანონსა. საუბარია ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდულის შექმნაზე, რომელიც მთავრობის მეთაურის თქმით, გამორიცხავს უკანონო გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციასა და სერვისის მიმწოდებელ კერძო სუბიექტს შორის.
როგორ შეამცირებს ახალი ინიციატივა კორუფციულ გარიგებებს სახელმწიფო უწყებებსა და კომპანიებს შორის? მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული შესყიდვების პროცესში მეტი კონტროლის შესაძლებლობას იძლევა, რაც თავის მხრივ, მინიმუმამდე დაიყვანს კორუფციის რისკებს.
პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივას სრული მხარდაჭერა ექნება პარლამენტში. უმრავლესობაში ამბობენ, რომ კორუფციის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებები, სახელისუფლებო გუნდის პრიორიტეტია.
ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული პრაქტიკაში უახლოეს ხანში დაინერგება. ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იქნება სახელმწიფო შესყიდვა ახალი რეგულაციით წარმართოს.