25 აგვისტო 2026,   06:06
ვრცლად
უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას

სოფიას მოედანზე უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა. ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა - ქვეყნის წინაშე გაწეული დამსახურებისთვის, ჯილდოები გადაეცათ უკრაინელ სამხედროებს, დაღუპული გმირების ოჯახის წევრებსა და უცხოელ პოლიტიკოსებს.

უკრაინის მოსახლეობის მიმართ გზავნილები ევროპის იმ სახელმწიფოების ლიდერებმაც გაახმოვანეს, რომლებიც მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის კიევში ჩავიდნენ. ტრიბუნასთან დიდი ბრიტანეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიევუვის, ნორვეგიისა და მოლდოვის ლიდერები გამოჩნდნენ.

უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს მთავრობის მეთაური. ირაკლი კობახიძე საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მტკიცე კავშირებზე საუბრობს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული მეგობრობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება.

უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მიულოცეს. მიხეილ ყაველაშვილმა უკრაინას მშვიდობა, სიმტკიცე და ღირსეული მომავალი უსურვა. კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების VI სამიტში მონაწილეობა მიიღო თამარ ბაგრატიონმა. ვიდეომიმართვისას მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მიმდინარე ომის მეხუთე წელს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს კვლავ რუსეთის თავდასხმების ფონზე შეხვდა. სამიზნე ჩერნიჰოვის, ოდესის, ხარკოვისა და სუმის ოლქები გახდა. საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები