ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელის მიწვევით ქართული დელეგაცია პეკინშია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, როგორც პარლამენტში, ასევე ქალთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან.
ვიზიტის მთავარი მიზანი ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გამყარებაა. დელეგაციის წევრებმა უკვე გამართეს შეხვედრა უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტში.
"საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა, იმ მაღალი რანგის ურთიერთშეხვედრების ფონზე, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით დარგობრივი და ინსტიტუციური შეხვედრები. ჩვენს დელეგაციას ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში აქვს საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი დღის წესრიგი, გარდა საქმიანი შეხვედრებისა, რა თქმა უნდა, ასევე იყო ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და კულტურული პროგრამა. ჩვენ დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტთან, ეს არის ქალთა განათლების ინსტიტუტი, რომელიც ქალთა ფედერაციას ეკუთვნის. ეს ინსტიტუტი თავის დროზე დაფუძნდა ქალებისთვის განათლების და პროფესიული გადამზადების მიზნით, თუმცა მოგვიანებით უკვე უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. პარტიის ქალთა ორგანიზაციის ფარგლებში ქალების გაძლიერება, როგორც მათი განათლების, პროფესიული გადამზადების და ლიდერობის მიმართულებით განსაკუთრებული პრიორიტეტია, ამიტომ დღევანდელ შეხვედრას ძალიან სასარგებლო ხასიათი ჰქონდა", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.