რატომ დუმს ოპოზიცია საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე - როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს მეორე პირის თბილისში ვიზიტზე მათი სიჩუმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპონენტები მხოლოდ გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებენ. ქვეყნის წარმატებასთან დაკავშირებულ სიახლეებს კი, ოპოზიციის მხარდამჭერი მედიასაშუალებები შეგნებულად არ აშუქებენ.
მმართველი გუნდის შეფასებით, მათ ოპონენტებს არ აინტერესებთ არც ქვეყნის შესაძლებლობები და არც საქართველოს გრძელვადიანი გეოსტრატეგიული წარმატებები.
თემასთან დაკავშირებით საუბრობს თბილისის მერიც. კახა კალაძის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის დუმილიც უცხო ძალების მოთხოვნაა, რასაც მათი ოპონენტები ასრულებენ.
"ამხელა ადამიანი არის ჩამოსული - ჩინეთის, ზესახელმწიფოს ვიცე-პრეზიდენტი, პოლიტიკოსი ჰქვია და არანაირ განმარტებას, არანაირ შეფასებას არ აკეთებს. თავიანთმა პატრონებმა მისცეს კონკრეტული მითითებები, დავალებები, რომ გაჩუმებულიყვნენ და ეს უსამშობლო წვრილფეხა აგენტურა ასრულებს პატრონების დავალებას.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ამხელა რანგის სტუმარი საქართველოში არ ყოფილა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა. რა შეფასებები უნდა გაეკეთებინათ, თუ კრიტიკას დაიწყებდნენ ეს ძალიან ცუდი იქნებოდა მათთვის, არაფრის მომცემი. პირიქით, ძალიან დამაზიანებელი იქნებოდა მათთვის [ოპოზიციისთვის]", - განაცხადა კახა კალაძემ.