2025 წლის ოქტომბრის ყალბი არჩევნებისა და "ქართული ოცნების" ავტორიტარული კონსოლიდაციის დაგმობა - ამ სახელწოდებით რეზოლუცია, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის პარტიამ, 25 ოქტომბერს გამართულ კონგრესზე მიიღო. ALDE-მ, რომლის პოლიტიკურ ოჯახში "ლელო," "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროაც" შედიან, მუნიციპალური არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და საქართველოს ხელისუფლების დასანქცირება მოითხოვა. სახელისუფლებო გუნდში, ევროპარლამენტის ერთ-ერთი მსხვილი პარტიის მხრიდან პოლიტიკურ მიკერძოებასა და ევროპული სტანდარტების უგულებელყოფაზე აკეთებენ აქცენტს. ამბობენ, რომ უსამართლო მიდგომებით გარკვეული ძალები ქვეყანაში ევროსკეპტიციზმს ახალისებენ.
ALDE-ს კონგრესს ლიბერალ-დემოკრატების წევრი, ორი ევროკომისარი - მარტა კოსი და კაია კალასიც ესწრებოდნენ. საპარლამენტო უმრავლესობას ახლა მთავარი კითხვა სწორედ მათთან აქვს - იზიარებენ თუ არა კომისრები რეზოლუციის შინაარსს, რომელსაც სამართლებრივი ერთი მტკიცებულებაც არ გააჩნია. იდენტური კითხვით დღეს "კურიერმა" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასაც მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არავის გაუცია.
ALDE-ს რეზოლუციას ქართული დემოკრატიის მხარდაჭერად აღიქვამენ "ლიბერალ-დემოკრატების" წევრი და პარტნიორი ოპოზიციური პარტიები. "ლელო" კი, რომელმაც გაყალბებულად გამოცხადებულ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და ALDE-ს პარტნიორია - ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.
ოპოზიციას და ALDE-ს გაერთიანებას საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ მოიაზრებენ "ქართულ ოცნებაში." სახელისუფლებო პარტია ე.წ. Deep state-ის გავლენებზე საუბრობს. პოლიტიკოსების თქმით, ALDE-ს რეზოლუცია იმის მორიგი მტკიცებულებაა, რომ ევრობიუროკრატების მიზანს არა არჩევნები, არამედ დესტრუქციული ძალების წახალისება წარმოადგენს.
ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური გაერთიანებაა. პარტიის კონგრესს, რომელზეც საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღეს, საქართველოდან "ლელოსა" და "გირჩი-მეტი თავისუფლების" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.