18 აგვისტო 2026,   16:57
ვრცლად
ოპოზიციის აქცია და მორიგი დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიებს შორის - რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში

ოპოზიციის მარცხის მორიგი დასტური, პარლამენტის თავმჯდომარისთვის, რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია გახდა. შეკრება, სადაც ხელისუფლების ოპონენტები ისევ ძალის დემონსტრირებას ცდილობდნენ, სპიკერის თქმით, ამჯერადაც წარუმატებელი აღმოჩნდა. შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ უცხოური დაკვეთების შემსრულებელმა ოპოზიციურმა ჯგუფმა საპროტესტო რესურსი უკვე საბოლოოდ ამოწურა.

საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის თავზე დაანონსებულ შეკრებას, წინ უძღოდა მოწოდებები და განცხადებები. გისოსებს მიღმა და მის გარეთ დარჩენილი ოპოზიციონერი ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით ირწმუნებოდნენ, რომ ჯერ რესპუბლიკის მოედანზე, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქცია გაიმართებოდა.

უკვე დღეს, გვარამიას პარტიაში აღიარებენ, რომ მრავალათასიანი შეკრება ვერც გუშინ შეძლეს. არ გამორიცხეს, რომ ასეთი აქციის გამართვას ვერც მომავალში მოახერხებენ

შეიკრიბნენ და მალევე დაიშალნენ, თუმცა საათნახევრის განმავლობაში ერთმანეთთან დაპირისპირებაც მოასწრეს. მიზეზი, სააკაშვილის ბანერები გახდა.

ყოფილი თანაგუნდელი ჯერ პოლიტიკურ უმადურობაში დაადანაშაულეს, შემდეგ კი შეახსენეს, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ გამართული აქცია მას არ ეკუთვნოდა, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნებში გიგა ბოკერიას პარტიას მონაწილეობა არ მიუღია. "ნაციონალურ მოძრაობას" და მის ლიდერს პოლიტიკურ უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ოპოზიციაში არსებულ კრიზისზე საუბრობს სახელისუფლებო გუნდი. რუსთაველის გამზირზე განვითარებულმა მოვლენებმა მმართველი ძალა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ მათი ოპონენტები მხარდაჭერას ყოველდღიურად კარგავენ, ნებისმიერი აქტივობა კი პოლიტიკური მარცხისთვისაა განწირული.

საპროტესტო აქცია, რომელიც წესით მრავალათასიანი უნდა ყოფილიყო, რესპუბლიკის მოედანზე 2 საათის დაგვიანებით დაიწყო და საათ-ნახევარი გაგრძელდა.

დღის ამბები