"რაც შეეხება გამკაცრებულ კანონმდებლობას - არ არსებობს ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე ერთი დამატებითი საკითხი, რაც, მაგალითად, აეკრძალა რომელიმე პირს, რომელსაც აქვს სურვილი, შეუერთდეს რომელიმე შეკრებასა და მანიფესტაციას. აქამდეც, წლების განმავლობაში, რაც კი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი არსებობს, აკრძალული იყო, მაგალითად, გზის გადაკეტვა, როდესაც გზის გადაკეტვისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანები არ არიან. აქამდეც აკრძალული იყო ისეთი ნივთების ქონა, რომლითაც შესაძლებელია, რომ სხვა ადამიანს მიაყენო ზიანი," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ გორდულაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
არჩილ გორდულაძემ ისიც აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარების აკრძალვაზე საუბარი აშშ-შიც დაიწყეს.
"ცოტა ხნის წინ, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, აიკრძალა ნიღბების ტარება. ამ ნიღბების ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით ახლა საუბრობს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც ამბობს, რომ აშშ-ში მოქმედებს შიდა ტერორისტული ორგანიზაცია და ეს ადამიანები ნიღაბ აფარებულები არღვევენ კანონს და მათი იდენტიფიცირება რთულდება. ამიტომ, შეკრებების დროს ნიღბების ტარება უნდა ავკრძალოთო," - აღნიშნა გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძემ კომენტარი გააკეთა იმ შემთხვევასთან დაკავშირებითაც, როდესაც სამედიცინო ნიღბის ტარების გამო პოლიციის მიერ გაჩერებული მოქალაქეები საპროტესტო აქციის მონაწილეები არ აღმოჩნდნენ.
"რეალურად, კონკრეტული ადამიანი გააჩერეს, გადაამოწმეს, აღმოჩნდა, რომ არ იღებდა შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობას და არაფერიც არ მოხდა, სამართლებრივი რეაგირება არ ყოფილა საერთოდ. კანონმდებლობის მიზანი რა არის - როცა არსებობს იმის მაღალი რისკი და ალბათობა, რომ ვიხილოთ იგივე შედეგი, რაც ვნახეთ 4 ოქტომბერს, როდესაც ნიღაბ ჩამოფარებული ადამიანი პირდაპირ ეთერში შეუვარდა, თუ სწორად მახსოვს, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს, შეასხა ცრემლსადენი გაზი ოპერატორსაც და მიიმალა, [პრევენცია მოახდინოს]. ჩვენ გვახსოვს ნიღბიანი ადამიანი, რომელიც პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს პიროტექნიკას ესროდა. რა გავაკეთოთ - არ მოვახდინოთ პრევენცია?" - აცხადებს არჩილ გორდულაძე.