თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მარინე ჩიტაშვილი აღიარებს, რომ 4 ოქტომბერს უმძიმესი სცენარის განვითარების მომხრე იყო. თქვა უფრო კონკრეტულადაც, რომ მსხვერპლის, სისხლისა და გასროლის შემთხვევაში, საპროტესტო აქცია ქვეყნისთვის გადამწყვეტი გახდებოდა.
მოლოდინი არ გამართლდა, ამით კი, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებას გადაურჩა. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პროფესორ ჩიტაშვილის მსგავსად, ყველას, ვისაც ქვეყანაში მსხვერპლი და გადატრიალების მოწყობა სურს, სახელმწიფო შესაბამის და თან უმკაცრეს პასუხს გასცემს.
რას ან ვის გულისხმობდა სისხლისღვრასა და მსხვერპლში, ან რატომ უნდა გადაქცეულიყო დედაქალაქის ცენტრი საბრძოლო პოლიგონად? მარინე ჩიტაშვილს დღეს მედიასთან განმარტების გაკეთება აღარ სურს. მის პარტნიორ "ნაციონალურ მოძრაობაში" კი ირწმუნებიან, რომ საპროტესტო აქციის ფატალური შედეგით დასრულება მათ გეგმებში არ შედიოდა.
დამატებითი განმარტების გარეშეც, "ქართული ოცნებისთვის" უკვე ცხადია, რომ პრეზიდენტის სასახლის შტურმსა და ძალადობაში მონაწილე პირების მსგავსად, პროფესორ მარინე ჩიტაშვილის მიზანიც, ქვეყანაში შეუქცევადი პროცესების დაწყება და არეულობის მოწყობა იყო.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის პოზიცია კატეგორიულად მიუღებელია პრემიერ-მინისტრისთვის. ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ, საუნივერსიტეტო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და თქვა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მსგავსი ლექტორების ყოფნა ტრაგიკულია.
ვინ არის პასუხისმგებელი და ვის ინტერესში შედიოდა მსხვერპლი 4 ოქტომბერს? 5 ორგანიზატორი და ძალადობაში მონაწილე 20-ზე მეტი პირი უკვე დაკავებულია. შსს-ში გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.