ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებულ პროექტს პრემიერ-მინისტრი მორიგ არაობიექტურ რეზოლუციად აფასებს. საუბარია ორი დეპუტატის ავტორობით შედგენილ დოკუმენტზე, სადაც წერია, რომ საქართველოში დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეზოლუცია მკაფიოდ მიუთითებს ასამბლეაში არსებულ მდგომარეობაზე, რაც თავის მხრივ ამ ორგანიზაციის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას განაპირობებს.
რეზოლუციის პროექტს, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება, სტრასბურგში მხარი მარტივი უმრავლესობით დაუჭირეს. მასში ვკითხულობთ, რომ ასამბლეა გმობს საქართველოს ხელისუფლების იზოლაციისკენ მიმართულ პოლიტიკას, ოპოზიციის ლიდერების, ასევე მზია ამაღლობელის დაკავებას. გამოთქმულია წუხილი მესამე სექტორში არსებულ ვითარებაზე. ამ პუნქტში რამდენიმე შესწორებაც შევიდა, რომელიც ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობას მეტად ამძიმებს და ამწვავებს. რეზოლუციაში საუბარია 4 ოქტომბრის არჩევნებზეც. პროექტის კენჭისყრას წინ ინიციატორების სიტყვით გამოსვლებიც უძღოდა.
რა გზავნილია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან არჩევნებამდე ორი დღით ადრე კრიტიკული რეზოლუციის მიღება – საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს შესახებ, საქართველოს წარმომადგენლების გარეშე ჩატარებული დებატები ოპოზიციისთვის დღის წესრიგის შექმნას ემსახურება.
ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ არჩევნები არაფერ კავშირშია და ეს მხოლოდ დროში დამთხვევაა. ოპოზიცია რეზოლუციის შინაარსზე სრულად თანხმდება. გამონაკლისია ერთადერთი პუნქტი, სადაც წერია, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილებას, არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, არასასურველი საარჩევნო გარემოც განაპირობებს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დღეს მიღებული უსამართლო და უსაფუძვლო დოკუმენტი საარჩევნო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს. მათი თქმით, კონკრეტული უცხოელი აქტორები, რომლებიც ოპოზიციას ლობირებენ, დეზინფორმაციის ტირაჟირებისთვის არ ერიდებიან არც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ავტორიტეტის გამოყენებას.
"ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის არჩევნების შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიებს ბოიკოტი გამოუცხადა. მიზეზად მაშინაც ხელისუფლების მიმართ არაობიექტური დამოკიდებულება დაასახელა.