18 აგვისტო 2026,   17:32
ვრცლად
უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაშიფრული სქემის მიხედვით ირკვევა, რომ "საქართველოს უნივერსიტეტში" "ფრანკლინის კლუბის" მემკვიდრე გამოჩნდა - რას აცხადებენ გიული ალასანიას უნივერსიტეტში

მმართველი გუნდი ქვეყანაში ე.წ. შავი ფულის შემოდინების პრევენციის საშუალებად გამჭვირვალობის კანონს მიიჩნევენ. თუმცა განმარტავენ იმასაც, რომ გარკვეული ძალები რეგულაციის გვერდის ავლით ალტერნატიულ გზებს აქტიურად ეძებენ. საუბარია სპეცსამსახურის მიერ გაშიფრულ სქემაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ "საქართველოს უნივერსიტეტში" "ფრანკლინის კლუბის" მემკვიდრე გამოჩნდა. "ჰაი სქულ ჯორჯია" სწორედ ალასანიას უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს. ცნობილია, რომ ორგანიზაციამ, რომელიც ახალგაზრდების რეკრუტირებასა და ძალადობრივი პროცესებისთვის გადამზადებაშია შემჩნეული, გრანტის სახით 500 ათასი თავად უნივერსიტეტიდან მიიღო. ასევე თანხას სხვა დონორებისგანაც იღებს.

რა მიზნით უთმობს ფრანკლინის კლუბის მსგავს ორგანიზაციას საუნივერსიტეტო სივრცეს მიხეილ სააკაშვილის დედა - ამ კითხვით დღეს "კურიერმა" თავად გიული ალასანიას მიმართა. ალასანიამ კითხვას არ უპასუხა. პატიმარი ექსპრეზიდენტის დედის ნაცვლად, მისი უნივერსიტეტის რექტორმა და სტუდენტებმა ისაუბრეს. სტუდენტების ბრიფინგზე მედია შერჩევით დაუშვეს. "საქართველოს უნივერსიტეტის" რექტორმა კი "ჰაი სქულ ჯორჯიაზე" დეტალურად არ ისაუბრა. თქვა, რომ უნივერსიტეტში სწავლება მხოლოდ სილაბუსების მიხედვით მიმდინარეობს.

საუნივერსიტეტო სივრცეში - სერბული ოტპორის, ირლანდიის რესპუბლიკური არმიისა და სახვა ძალადობრივი ჯგუფების მეთოდებით ახალგაზრდების მომზადება ბუნებრივი მოვლენაა "ნაციონალური მოძრაობისთვის". სააკაშვილის პარტიაში ღიად ამბობენ, რომ ახალგაზრდებმა რევოლუციების შესახებ ზუსტი ინფორმაცია უნდა მიიღონ, შემდგომ კი სურვილისამებრ იმოქმედონ.

არასამთავრობო სექტორის საგანმანათლებლო სივრცეებით ჩანაცვლებას ე.წ. დიფ სთეითის ხელწერას უკავშირებს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ დესტაბილიზაციის შესაძლო ყველა სცენარი ქართული სპეცსამსახურების მიერ გაშიფრულია. შესაბამისად, ნებისმიერი სახის არეულობის მცდელობას მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "საქართველოს უნივერსიტეტის" ბაზას ახალგაზრდების რევოლუციურ სცენარებში გადამზადებისთვის წარსულშიც ფრანკლინის კლუბი იყენებდა. დღეს კი "ჰაი სქულ ჯორჯია" იდენტური შინაარსის ტრეინინგებს ატარებს. რისთვისაც უნივერსიტეტის ბიუჯეტის გარდა, ასიათასობით დოლარის დაფინანსებას, უცხოური დონორი ორგანიზაციებიდანაც იღებს.

დღის ამბები