19 ივნისი 2026,   12:41
ვრცლად
ანკარაში, პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის სასახლეში, საქართველოს კულტურის დღეები გაიმართა

ჩვენი ქვეყნის და თურქეთის მეგობრობის ისტორია უკვე რამდენიმე ათწლეულს ითვლის. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლიდან დამყარდა. დღეს თურქეთი ჩვენი ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. ორმხრივი მეგობრობის კვალდაკვალ წელს საქართველოს კულტურის დღეები ანკარაში პრეზიდენტ ერდოღანის სასახლეში დაიგეგმა.

საქართველოს კულტურის გასაცნობად პრეზიდენტ ერდოღანის სასახლეში კულტურის სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს მესვეურებმა თავი მოუყარეს თურქეთის რესპუბლიკაში აკრედიტებულ დიპლომატებს, სამხედრო ატაშეებს და რაც მთავარი ქართულ დიასპორას. პრეზიდენტ ერდოღანის კულტურის ცენტრში ქართული ნაციონალური სამოსი და სამკაულები გამოფინეს. ჩვენი ქვეყნის ისტორია კი "ერისიონმა" მოწვეულ სტუმრებს ქართული ხალხური სიმღერითა და ცეკვით უამბო.

იქ, სადაც ისმის ჩაკრულო და ქართული პოლიფონია, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი, უტყუარი მტკიცებულებაა საქართველოს უნიკალურობისა და საუკეთესო საშუალება წარმოაჩინო ქვეყნის კულტურა სხვა ერების წინაშე.

საქართველოს კულტურის დღეების ორგანიზება ანკარაში - ეს არის ამ ორი ქვეყნის მეგობრობის კიდევ ერთი, ახალი ფურცელი და ნიშანი იმისა, რომ კულტურა ხალხებს შორის ყველაზე ძლიერ ხიდს წარმოადგენს.

ანკარის ცენტრალურ პარკში ამფითეატრი ქართულ ანსამბლებს დაეთმოთ. "ალილოსა" და ეთნო ჯაზ ბენდ "ირიაოს" გარდა ღონისძიების ორგანიზატორებმა სპეციალურად შეარჩიეს ორი ადგილობრივი ანსამბლიც. იბერია მელაშვილი მივიწყებული ქართული სიმღერების შემგროვებელი და გამავრცელებელია. ახალ თაობას არა მხოლოდ ქართულ ენას ასწავლის, არამედ ჩვენი ქვეყნის მრავალხმიანობასაც აზიარებს.

კულტურის დღეებს წინ უძღოდა მინისტრების შეხვედრა სტამბოლში. დიალოგი, რომელმაც ახალი პერსპექტივები და საერთო გეგმები გააჩინა. ეს შეხვედრა იქცა ნიშნად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა და კულტურული დიალოგი კიდევ უფრო გაღრმავდება.

დღის ამბები