ბოლო ერთ წელში, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მეორედ გაუმჯობესდა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ამჯერად პროგნოზი ერთი პროცენტული პუნქტით გაზარდა და შვიდ პროცენტს მიაღწია.
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით საქართველო ევროკავშირის წევრ და წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის წამყვან პოზიციაზეა. საქართველოსგან განსხვავებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირებულია სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით, რეგიონში მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
იბიარდის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზის შენარჩუნება და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესება ხელისუფლების პრიორიტეტი და მთავარი ამოცანაა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეგიონში და ასევე ევროპის მასშტაბით არსებულ მონაცემების გაზრდის ყველა რესურსი არსებობს. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდით ქვეყანა პირველ ადგილზე იყო და ტენდენცია წელსაც უცვლელი დარჩა. მაგალითად, 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის კუთხით მოლდოვასთან სხვაობამ 11 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საერთაშორისო პროგნოზის თუ ავტორიტეტული ორგანიზაციების რეიტინგებისა და ინდექსების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი მაინც ამტკიცებს, რომ მონაცემები საქართველოს რეალურ მდგომარეობას არ ასახავს. საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში ოპოზიციის პოზიციის მარტივი ახსნა აქვთ. დეპუტატები აცხადებენ, რომ საერთაშორისო აღიარების მიუხედავად, ამ ყველაფრის მიღმა ოპონენტების პოლიტიკური ინტერესი და მათი უცხოელი პარტნიორების ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა დგას.
ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე სოციალურ ქსელში დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილი იბიარდის მონაცემებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს 7-პროცენტიანი მაჩვენებელი ყველაზე ღირებულ დივიდენდს მშვიდობაში განხორციელებულ ინვესტიციას მოაქვს და ეს არის სუვერენიტეტის იდეა და მიზანი.