სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების გამოკითხვები გრძელდება. დღეს დაიკითხა "ნანუკას ფონდის" წარმომადგენელი ზურა მახარაშვილი, რომელმაც სასამართლო უკომენტაროდ დატოვა. მუხლი, რომლითაც გამოძიებაა დაწყებული, ეხება საბოტაჟის, კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.
"გამოძიების ფარგლებში, დასტურდება ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გარკვეული პოლიტიკოსები მოქმედებდნენ შეთანხმებულად და სწორედ აქედან გამომდინარე, "ნანუკას ფონდს" და მის წარმომადგენლებს დაესვათ კითხვები. დასტურდება ის, რომ "ნანუკას ფონდის" ბიუჯეტით არის შეძენილი აქციის მსვლელობის დროს გამოყენებული სხვადასხვა ნივთები, რომლებიც წინააღმდეგობისთვის იყო გამოყენებული. მათ შორის, პიროტექნიკა. ვინაიდან, გააჩნდა მოწმეს შემხებლობა ნანუკას ფონდთან, მას დაესვა კითხვები ამ საკითხზე, თუმცა ის აცხადებდა, რომ არანაირი შემხებლობა არ გააჩნია "ნანუკას ფონდთან", არის მხოლოდ პროდიუსერი. რა თქმა უნდა, საქმეზე გამოძიება გრძელდება და მათ შორის, ეს საკითხიც გადამოწმებული იქნება გამოძიების მიერ," - აცხადებს პროკურორი, ანი ხუბეჯაშვილი.