"კორუფცია არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემშლელი ფაქტორი," - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" წევრი, ალუდა ღუდუშაური უპრეცედენტო მასშტაბის ფულის გათეთრების ფაქტს, რომელიც პროკურატურამ ორი დღის წინ გახსნილად გამოაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომლის მიღებასაც მმართველი გუნდი ამ მიმართულებით გეგმავს.
"ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომელიც ამ კუთხით გადაიდგა და მომავალშიც დაანონსებულია, მაგალითად ის, რომ საკანონმდებლო დონეზე იქნება მთელი რიგი ცვლილებები შემოტანილი. ეს ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება," - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.
შეგახსენებთ, რომ 665 მილიონი დოლარის გათეთრების ბრალდებით დაკავებული კახა კოტორაშვილი წინასწარი პატიმრობაშია. არსებული ინფორმაციით, სწორედ 49 წლის ბრალდებულს ეკუთვნის თამარ მეფის 32-ში მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტი სადაც, პროკურატურის ინფორმაციით, უკანონო ფინანსური ოპერაციები ხდებოდა. ასევე ცნობილია, რომ თანხა მასთან აზერბაიჯანიდან, რუსული რუბლებით შედიოდა. დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს. გამოძიებამ ახლა უნდა დაადგინოს, ჰყავდა თუ არა კოტორაშვილს მფარველი.