მმართველი გუნდი ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის მიზანმიმართულ დეზინფორმაციასა და მანიპულაციურ განცხადებებზე საუბრობს.
გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, რომ ხაბეიშვილისთვის წაყენებული ორივე ბრალი აბსურდულია, რადგან ხაბეიშვილი მშვიდობიან დამხობაზე საუბრობდა, სისხლის სამართლის კოდექსით კი დანაშაული მხოლოდ ძალადობით დამხობის მოწოდებისთვისაა გათვალისწინებული.
საკითხს აფასებენ ოპოზიციურ სპექტრში. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, სიტყვა დამხობაში იგულისხმება ძალადობრივი ქმედება, თუმცა თუ მას წინ სიტყვას "მშვიდობიან" დაუმატებ, მაშინ მოცემულობა იცვლება.
"დამხობა, თუ ვიხმართ მარტო ერთ სიტყვას, ამაში იგულისხმება ძალადობრივი მოქმედება, მაგრამ თუ ამას დააყოლებ წინ არაძალადობრივი, მშვიდობიანი დამხობა, ეს უკვე აღარ მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ პუნქტს. ნებისმიერი ქმედება, რომელიც არის არაძალადობრივი და მშვიდობიანი, არის კონსტიტუციური", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.