სახელისუფლებო გუნდი სახელებსა და გვარებს ჯერ არ ასაჯაროებს, თუმცა, მმართველი პარტიის წევრებისთვის ლევან ხაბეიშვილის და "ოცნების ყოფილი" მაღალჩინოსნების თანამშრომლობა თავად სააკაშვილის თანაგუნდელების განცხადებებით დადასტურდა. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ მათი გუნდის ყოფილი წევრების ნაწილი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს გეგმავს, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.
"ქართული ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობა დღის ბოლოს თავად ხაბეიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. სააკაშვილის პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი მედიის ეთერიდან დააანონსა და ისიც თქვა, რომ გეგმას ,"ქართული ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად ამუშავებს - მანამდე კი, "ქართული ოცნებიდან" წასულ პირებთან თანამშრომლობა სოფო ჯაფარიძემაც აღიარა.
"ქართული ოცნება" სააკაშვილის თანაგუნდელების მიერ დაანონსებულ სიურპრიზებს არ ელოდება, მმართველი გუნდის თქმით, ოპონენტების მიზნები უკვე გაშიფრულია. სახელისუფლებო პარტია ხაბეიშვილისა და ჯაფარიძის განცხადებებს აღიარებად აფასებს და კიდევ ერთ კრახს უწინასწარმეტყველებს. ხელისუფლება ლევან ხაბეიშვილს და მასთან გარიგებულ "ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებს კანონზე მიუთითებს.
ლევან ხაბეიშვილის გეგმებსა და მის ფსევდონიმ ანიტაზე რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მას გარიგება "ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებთან აქვს და დაფინანსებასაც კორუფციაში ეჭვმიტანილი კონკრეტული წყაროდან იღებს.
ლევან ხაბეიშვილმა "ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობა დღეს ღიად დაადასტურა. სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟი კი, არჩევნების პარალელურად დააანონსა.