საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების გამოკითხვა გრძელდება. გამოძიების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, ISFED-ის დირექტორმა, ლევან ნატროშვილმა უპასუხა. მან საქალაქო სასამართლო ცოტა ხნის წინ დატოვა.
"მათ აინტერესებთ, ჩვენი როლი რა იყო საპროტესტო აქციებში. ვმონაწილეობდით თუ არა, ვაორგანიზებდით თუ არა, რამეს ვყიდულობდით თუ არა - ასეთი კითხვები იყო ძირითადად დასმული. ხელისუფლების შეცვლაზე არ იყო ჩვენს განცხადებებში საუბარი, საუბარი იყო კრიზისის განმუხტვაზე და ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნულიყო, ამის შესახებ ვისაუბრეთ. რაც შეეხება კონკრეტული საშუალებების ყიდვას, აქაც, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვიყიდეთ იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მონიტორინგ ახორციელებდნენ საპროტესტო აქციების და მათი უსაფრთხოება რომ უზრუნველყოფილიყო, ეს იყო შეძენის მიზანი ამ კონკრეტული ნივთების, ძალიან მცირე რაოდენობით," - აღნიშნა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ნატროშვილმა.
გამოკითხვის შემდგომ, მედიასთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემაც. პროკურორმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რა კითხვებიც საგამოძიებო უწყებას ლევან ნატროშვილთან ჰქონდა.
"ბატონმა ლევანმა დაადასტურა, რასაც საჯარო სივრცეში ღიად ამბობდა, რომ ის და მისი ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ 2024 წელს აქციებში, ჰქონდათ გარკვეული მოთხოვნები და კონკრეტული საშუალებები.
დაკითხვის დროს გამოიკვეთა, რომ ისინი აქციის მონაწილეები იყვნენ რეალურად და რამდენად სწორი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, ჰქონდათ მოთხოვნები, მაგალითად, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით დასმული იქნა შეკითხვა, რა სამართლებრივი ან მტკიცებულებითი საფუძველი ჰქონდა მსგავსი ტიპის მოთხოვნას, თუმცა მისი პასუხი იყო, რომ ის დაიკითხა უკვე ამ საქმეზე და გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა უკვე პროკურატურას, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით, რაიმე ღირებული მტკიცებულება მას პროკურატურისთვის არ მიუწოდებია," - განაცხადა პროკურორმა.
მუხლი, რომლითაც პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს, გულისხმობს საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.
ცნობისთვის, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დაყადაღებულია.