თელ-ავივში ისრაელის მოქალაქეების მასშტაბური გამოსვლები ტყვეების გათავისუფლების და ომის დასრულების მოთხოვნით გრძელდება. "მძევლების მოედანზე" შეკრებილი ათასობით ადამიანი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეთანხმების დადებას, გატაცებული ადამიანების დაუყოვნებლივ დაბრუნებას და ომის დასრულებას სთხოვს. დემონსტრანტების მიმართვის მთავარი ადრესატია შეერთებული შტატების პრეზიდენტიც. "დაწერეთ ისტორია" - ამ ლოზუნგით მოუწოდებენ დონალდ ტრამპს, ყველა საშუალებით შეაჩეროს ახლო აღმოსავლეთში ბოლო წლებში მიმდინარე ყველაზე სისხლიანი ომი.
თელ-ავივში გამართული აქციის მონაწილეებს შორის არიან "ჰამასის" ტერორისტების მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული მოქალაქეების ოჯახის წევრებიც.
ომის შეწყვეტისა და ღაზაში სრულფასოვანი დახმარების შეტანის მოთხოვნით, მასშტაბური აქციები მიმდინარეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც. ვენეციაში მიმდინარე კინოფესტივალის პარალელურად, ქუჩაში 5 000-მდე ადამიანი გამოვიდა.
პალესტინურ ანკლავში არსებული ვითარება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა გერმანიაშიც. ფრანკფურტსა და ბერლინში შეკრებილი მოქალაქეები სამხედრო მოქმედებების შეჩერებასა და ჰუმანიტარული ბლოკადის მოხსნას ითხოვენ. ბერლინში, პროტესტი პოლიციასთან დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.
ათასობით ადამიანი შეიკრიბა ბარსელონაშიც. პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს გლობალური დახმარების ფლოტილიას. მრავალი ნავისგან შემდგარი ჰუმანიტარული ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილი ღაზას სექტორია. აქტივისტები, მსოფლიოს 44 ქვეყნიდან, პალესტინელი ხალხის დასახმარებლად გაერთიანდნენ. ფლოტილიის შემადგენლობაშია ცნობილი შვედი აქტივისტი გრეტა ტუმბერგიც.
ისრაელის ხელისუფლება "ჰამასს" და პროპალესტინურ აქტივისტებს დეზინფორმაციის გავრცელებასა და პანიკის დათესვაში ადანაშაულებს. ნეთანიაჰუს მთავრობაში ამბობენ, რომ ტერორისტული დაჯგუფება მოქალაქეებს თავად არ აძლევს უსაფრთხო ადგილზე ევაკუაციის საშუალებას. ისრაელი განაგრძობს გეგმას, რომელიც ღაზაზე სრული კონტროლის დაწესებას ითვალისწინებს. 23-თვიანი ომის შედეგად, ღაზაში გარდაცვლილთა რიცხვმა 63 ათასს გადააჭარბა. სამხედრო კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც "ჰამასის" ტერორისტები სამხრეთ ისრაელში შეიჭრნენ, 1 200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.