01 აგვისტო 2026,   06:48
ვრცლად
76-მა იუნკერმა კურსის დასრულება ტრადიციულად აღნიშნა და ოფიცრის წოდება მიიღო - საზეიმო ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის 106 წლის იუბილეს დაემთხვა

76-მა იუნკერმა კურსის დასრულება ტრადიციულად აღნიშნა და ოფიცრის წოდება მიიღო. საზეიმო ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის 106 წლის იუბილეს დაემთხვა.

იუნკერებთან ერთად, უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი 42-მა მსმენელმა გაიარა. თავდაცვის ძალების მომავალმა თანამშრომლებმა აკადემიაში მიღებულ ცოდნასა და სამხედრო მომზადებაზე ისაუბრეს.

თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებს საიუბილეო თარიღი მთავრობის წევრებმა მიულოცეს. საზეიმო ცერემონიალზე საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

იუნკერებს პირველმა საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. არჩეულ პროფესიაში წარმატებები უსურვა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში მათ განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. პრეზიდენტმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

პრეზიდენტის შემდეგ, ტრიბუნა თავდაცვის მინისტრმა დაიკავა. ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერება ირაკლი ჩიქოვანმა უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. მინისტრის თქმით, სამხედრო განათლებისთვის ახალი პროექტები მუდმივად ხორციელდება.

სამხედრო განათლების ხელშეწყობისთვის, ეროვნული თავდაცვის აკადემია თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს.

შექმნილია სპეციალური სასწავლო პროგრამები, აკადემია აღჭურვილია იმ ინფრასტრუქტურით, რომელიც ფიზიკური მომზადებისთვის არის საჭირო. განთავსებულია სპორტული მოედნები, სავარჯიშო დარბაზები, სტუდენტები სარგებლობენ ბიბლიოთეკით, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა შემეცნებით აქტივობაში. ტერიტორიაზე მოწყობილია მოსასვენებელი სივრცეებიც.

საზეიმო ღონისძიების ოფიციალური ნაწილი "საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გახსნით დასრულდა. ექსპონატებს შორისაა გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოსი, რომლის პირვანდელი სახე  თავდაცვის სამინისტროს, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით აღდგა.

აკადემიის 106 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას იუნკერების და დღეიდან უკვე ოფიცრების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

დღის ამბები