19 ივნისი 2026,   10:31
ვრცლად
ვაშინგტონში გადამწყვეტ შეხვედრამდე საათები რჩება - ალასკის მოლაპარაკების პირობების განსახილველად ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე ევროპელ ლიდერებთან ერთად ჩავა

ვაშინგტონი, თეთრი სახლი - ადგილი, რომელიც თებერვალში ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან ცხარე კამათის შემდეგ იძულებით დატოვა, ხვალ ისევ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრას უმასპინძლებს.

განსხვავება მხოლოდ ერთია, უკრაინის პრეზიდენტი ამჯერად მოლაპარაკების მაგიდასთან მარტო არ იქნება, მას ვაშინგტონში ევროპელი ლიდერები გაჰყვებიან.

თეთრ სახლში, დონალდ ტრამპის პირისპირ ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერესებს, იტალიის, გერმანიის და ფინეთის ლიდერები დაიცავენ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეზიდენციაში იქნებიან ევროკომისიისა და ნატოს პირველი პირებიც.

სანამ ვაშინგტონში ლიდერების თვითმფრინავები დაეშვება, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩაფრინდა. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ის ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა მედიასთან იმ პირობებზე ისაუბრა, რომელიც უკრაინაში ომის დასრულების სანაცვლოდ უნდა შესრულდეს.

ვიდრე უკრაინა გადაწყვეტილებებს მიიღებს, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნებზე საუბრობს საერთაშორისო მედია. დღეს გავრცელებული მასალებიდან ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მშვიდობის სანაცვლოდ უკრაინულ ტერიტორიებს და ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზე უარს ითხოვს.

ვლადიმერ პუტინის მოთხოვნებზე პასუხი უკვე აქვს ვოლოდიმირ ზელენსკის. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ აუცილებელია ცეცხლის უპირობო შეწყვეტა, რის შემდეგაც სამმხრივ ფორმატში - აშშ-მა, რუსეთმა და უკრაინამ კონკრეტული პირობები უნდა განიხილონ.

ზელენსკის ხვალინდელ ვიზიტზე არაფერს ამბობს თავად მასპინძელი, თუმცა დონალდ ტრამპი მკაფიოდ საუბროს თუ რისთვის უნდა იყოს მზად უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ.

ალასკაში დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი 15 აგვისტოს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას ის მოთხოვნები გააცნო, რომლის შესრულების შემთხვევაშიც კრემლი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციას შეაჩერებს. ამ საკითხების განსახილველად ხვალ ვაშინგტონს უკრაინის პრეზიდენტი ეწვევა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხვალ თეთრ სახლში უნდა გადაწყვიტოს - დათანხმდება თუ არა მშვიდობას პუტინის სასარგებლოდ დათმობებზე წასვლის სანაცვლოდ.

დღის ამბები