დასავლური ლიბერალიზმის შეცვლილ სახეზე და მისგან მომდინარე საფრთხეებზე, ზაზა შათირიშვილი მორიგ ვრცელ წერილში დეტალურად საუბრობს. ფილოსოფოსი კონკრეტული ფაქტების მაგალითზე წერს, რომ დასავლური ლიბერალიზმი, რომელიც წლების წინ თავისუფლებასთან ასოცირდებოდა - საკუთარი არსის საპირისპიროდ იქცა. შათირიშვილი ვიქტორ ორბანის განცხადებას იხსენებს, სადაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გერმანიაში, ადამიანებს სამუშაო ადგილების დაკარგვის ფასად უჯდებათ საკუთარი მოსაზრების გამოხატვა გენდერული იდეოლოგიის საკითხებზე. ფილოსოფოსის აზრით, ეს მიდგომა ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში - ერთგვარ სტანდარტად ჩამოყალიბდა და მის დაცვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატებსაც სთხოვენ.
ვრცელ წერილში შათირიშვილი იხსენებს, რომ ერთსქესიანთა ქორწინების მოთხოვნა პირდაპირი, თუ არაპირდაპირი გზით, როგორც ევრობიუროკრატებს, ასევე ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც მოუთხოვიათ. დასავლური ლიბერალიზმიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობენ მმართველ გუნდშიც.
ევროპული ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბრობენ ოპოზიციაში. ნაწილი ადამიანის უფლებების დაცვასა და თანასწორობაზე აკეთებს აქცენტს, ნაწილი კი თვლის, რომ ევროპულ ქვეყნებში გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული მიდგომა არ ნიშნავს, რომ საქართველოს საფრთხე ემუქრება.
მმართველ პარტიაში იხსენებენ, რომ წლების წინ რადიკალურ ლიბერალიზმთან ბრძოლის გამო, მკაცრი კრიტიკის სამიზნეები იყვნენ, თუმცა ახლა ევროპული ქვეყნების და მათ შორის შტატების მიდგომები შეცვლილია და საფრთხეებს, ყველა სახელმწიფო საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აღიქვამს.
სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ სწორედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია საზოგადოების მავნე იდეოლოგიისგან დაცვა შენარჩუნდეს და გაგრძელდეს.