"ლელოს“ ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძისთვის შეფარდებული 8 თვიანი პატიმრობა ძალაში დატოვა. განცხადება პარტიის ოფისში "ლელო-ძლიერი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი სიორიძემ გააკეთა.
მისივე თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო. მამუკა ხაზარაძეს 8 თვიანი პატიმრობა საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო შეეფარდა.
საკითხს გამოეხმაურნენ "ქართულ ოცნებაში". პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა, დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა დანაშაულია.
"როდესაც კანონით განსაზღვრული არის საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა და ამას დაარღვევ, ბუნებრივია, რომ ეს კანონდარღვევაა და სამართალდამცავი სტრუქტურები კანონის შესაბამისად შეაფასებენ ამ ყველაფერს.
თუმცა, ამ ადამიანებისთვის პოლიტპატიმრობა ნიშნავს, რომ პოლიტიკოსს შეუძლია ჩაიდინოს დანაშაული, დაარღვიოს კანონი და ამ პოლიტიკოსს ეწოდებოდეს პოლიტპატიმარი. რა თქმა უნდა, ასეთი გაგება მსოფლიოსა და ნორმალური განვითარების ქვეყანაში არსად არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით იმ სრულებით არასწორი იდეოლოგიის პოლიტიკურ ძალებს, რომელიც, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.