"ლელოს" ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძისთვის შეფარდებული 8-თვიანი პატიმრობა ძალაში დატოვა.
განცხადება პარტიის ოფისში "ლელო-ძლიერი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი სიორიძემ გააკეთა.
მისივე თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.
"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა მამუკა ხაზარაძე. ერთი საათიც არ არის გასული, რაც ჩაგვბარდა სასამართლოს სამარცხვინო განაჩენი, რომელიც 8 აგვისტოთი თარიღდება. თურმე სააპელაციო სასამართლოს უმსჯელია მამუკა ხაზარაძის სააპელაციო საჩივარზე და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
მამუკა ხაზარაძეს 8 თვიანი პატიმრობა საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო შეეფარდა. "ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა დანაშაულია.