თურქეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ცოტა ხანში, მიხეილ ყაველაშვილის რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრა დაიწყება. თურქეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტი ათა თურქის მავზოლეუმში იმყოფებოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განმარტებით, საქართველოსა და თურქეთს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ ყველა სფეროში და თურქეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.
"თურქეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ მჭიდრო თანამშრომლობა ყველა სფეროში, იქნება ეს უსაფრთხოების, ეკონომიკური, სოციალური და ა.შ. აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს არის საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის განმავლობაში, შეხვედრები გაიმართება თურქეთის პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან და განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, რეზიდენტ ერდოღანის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მიწვევა არის, როგორც ისტორიული, ასევე ძალიან დროული.
"პრეზიდენტ ერდოღანის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მიწვევა არის, როგორც ისტორიული, ასევე ძალიან დროული. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების, ასევე რეგიონში მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებას. ხაზგასმულია საქართველოს როლი კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარებასთან. იმ ისტორიული ეპოქის ფონზე, როდესაც სამშვიდობო შეთანხმება შედგა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. თურქეთი ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია სავაჭრო მიმართულებით, შესაბამისად, ამ სავაჭრო მიმართულებით კიდევ ერთხელ ხაზი გაესმება იმას, რომ ჩვენი მეწარმეებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გაიხსნას თურქეთის ბაზარზე. შეხვედრებზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხთან ერთად, ასევე განვიხილავთ განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობას, რაც კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს თურქეთისა და საქართველოს ახალგაზრდებისა და სტუდენტების თანამშრომლობას", - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხმა.