18 აგვისტო 2026,   17:38
ვრცლად
"ლელოში" მერობის კანდიდატებს ტესტავენ - ვინ იქნება ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის რჩეული კანდიდატი, სწორედ საზოგადოებრივი აზრის კვლევამ უნდა გადაწყვიტოს

"ლელოში" მერობის კანდიდატებს ტესტავენ - გვარების დასახელებისგან კი თავს იკავებენ. ვინ იქნება ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის რჩეული კანდიდატი, სწორედ საზოგადოებრივი აზრის კვლევამ უნდა გადაწყვიტოს. არსებული ინფორმაციით, გამოკითხვა მათ იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციას, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს" დაუკვეთეს. ცნობილია ორი გვარი. არსებული ინფორმაციით, დედაქალაქის მოსახლეობის განწყობები ალეკო ელისაშვილისა და მერაბ სეფაშვილის მიმართ უნდა გაიტესტოს.

მერაბ სეფაშვილის შესაძლო კანდიდატურასთან დაკავშირებით, უფრო მეტი თქვეს "გახარიას" გუნდში. ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა გიორგი შარაშიძემ, რომელიც თავად "გახარია საქართველოსთვის" მერობის კანდიდატად განიხილება. პარტია არჩევანს სწორედ შარაშიძეზე აკეთებს, თუმცა ერთ მემორანდუმზე ხელმომწერი ორი პოლიტიკური სუბიექტი, საერთო კანდიდატზე ამ დრომდე ვერ თანხმდება.

არჩევნებში მონაწილეობისთვის ოპოზიციას, ოპოზიციაშივე აკრიტიკებენ. მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ამბობენ, რომ მათ ინტერესს არც მერაბ სეფაშვილი, არც ალეკო ელისაშვილი და არც სხვა რომელიმე კანდიდატი წარმოადგენს. "ლელოსა" და გახარიას გუნდების პოლიტიკურ ნაბიჯებს, კლოუნადად აფასებს არჩევნებში მონაწილე კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია "გირჩი".

ოპოზიციის განულებულ შანსებზე აკეთებს აქცენტს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ვინც არ უნდა წარადგინოს ხაზარაძისა და გახარიას პარტიებმა მერობის კანდიდატად, კახა კალაძის კონკურენტი ვერ იქნება,. არჩევნებში მონაწილე თუ პროცესების მიღმა დარჩენილი ოპოზიცია კი ერთი გეგმითა და ინტერესით მოქმედებს. რაც შეეხება მერაბ სეფაშვილის კანდიდატურას, მათი შეფასებით, მომღერლის პოლიტიკური შეხედულებები საზოგადოებისთვის აქამდეც ცნობილი იყო.

თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლები რჩება. 4 ოქტომბერს, 64 მუნიციპალიტეტში მოქალაქეები, ქალაქის მერებსა და საკრებულოების წევრებს აირჩევენ.

დღის ამბები