"კურიერის" მიერ მოპოვებულ ვიდეო მასალაში, რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის ის მოქალაქეები ჩანან, რომლებიც თითქმის ერთი თვეა, დარიალის სასაზღვრო პუნქტის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისთვის 87 ადამიანია. სწორედ მათი უკრაინაში დაბრუნების საკითხზე გაიმართა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი. ქართული მხარე მოუწოდებს უკრაინას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება და ამისათვის დახმარებას სთავაზობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა საქართველოსა და უკრაინის საგარეო უწყებები. ოფიციალურ სტრუქტურებს შორის მოლაპარაკებები თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს. ქართული მხარე უკრაინას, საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, როგორც საჰაერო, ისე საზღვაო მარშრუტს სთავაზობს. როდის დატოვებენ ნეიტრალურ ზონას უკრაინელები, ამ დრომდე კონკრეტული პასუხი ოფიციალურ თბილისს კიევისგან არ მიუღია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ წრეებშიც. ოპონენტებმა ქართული მხარის მოთხოვნა უკრაინის საწინააღმდეგო ქმედებად შეაფასეს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მთავარი ინტერესი საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვაა. ამიტომ საქართველოს მთავრობა არ აპირებს კრიმინალური წარსულის მქონე პირების ქვეყანაში შემოშვებას. რაც შეეხება მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხს, ქართული მხარე მზადაა უკრაინასთან ბოლომდე ითანამშრომლოს.
დარიალის სასაზღვრო პუნქტის ნეიტრალური ზონიდან უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პრეცედენტი უკვე არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინული მხარის ჩართულობით, 2025 წლის ივნისსა და ივლისში რუსეთიდან დეპორტირებული 134 მოქალაქიდან საქართველო 37-მა მოლდოვის, ათამდე პირმა კი, სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით დატოვა.
ავტორი: კესო ქაფიანიძე.