13 ივნისი 2026,   16:56
ვრცლად
დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლები პირი ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი შ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათვე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ბრალდებულს და 1991 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შ.კ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა ზ.ა.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა შ.კ. მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები