ოჯახი დუმს, ადვოკატები კი, უკვე მესამე დღეა, არკვევენ, იხდის თუ არა "ლელოს" ლიდერი საშემოსავლო გადასახადს. კითხვაზე პასუხი "კურიერმა" ვერც პარტიიდან მიიღო, სადაც დღეს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება აღარ ისურვეს. გუშინ კი მედიას განუცხადეს, რომ თბილისის ცენტრში მამუკა ხაზარაძის მეუღლის სახელზე გაფორმებული ძვირადღირებული ქონება გერმანიის ელჩს კანონის დაცვით მიაქირავეს.
გასაჯაროვდება თუ არა საიჯარო ხელშეკრულება? - "ლელოში" ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ოჯახის პრეროგატივაა, თუმცა პარტიამ, ოჯახის ადვოკატების სახელით, თავადვე გაავრცელა განცხადება, სადაც ასევე არ დაუკონკრეტებიათ, გადახდილია თუ არა ბიუჯეტში კანონით დადგენილი საშემოსავლო გადასახადი. დიპლომატის მიერ ოპოზიციის ლიდერისგან სახლის დაქირავებაში პრობლემას ვერ ხედავენ ვერც "ნაციონალურ მოძრაობაში".
მისამართზე, სადაც ამჟამად გერმანიის ელჩი ცხოვრობს, პარალელურად, რეგისტრირებულია შპს "ხაზარაძე ჰოლდინგი", რომლის სამეთვალყურეო საბჭოს პირადად მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უცხოელ დიპლომატსა და ოპოზიციის ლიდერს შორის მსგავსი ურთიერთკავშირი, როგორც მინიმუმ, ინტერესთა კონფლიქტის მაგალითია. "ქართული ოცნება" გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხით დაინტერესებას ურჩევს.
პეტერ ფიშერსა და მამუკა ხაზარაძეს შორის არსებულ კავშირებში დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევას ხედავს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარე გერმანელ დიპლომატს და "ლელოს" ლიდერს გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს.
საკითხს დღეს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ, ოპოზიციის ლიდერთან მსგავს ურთიერთობაში შესვლით, პეტერ ფიშერმა უხერხულ სიტუაციაში ჩააყენა როგორც საკუთარი თავი, ისე - გერმანიის სახელმწიფო.
მამუკა ხაზარაძემ ყავლაშვილის ქუჩაზე 297 კვადრატული მიწის ნაკვეთი და 749 კვადრატული შენობა-ნაგებობა საკუთარ ცოლს 2022 წლის მარტში, მას შემდეგ გადაუფორმა, რაც სასამართლომ ის ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. იმავე წლის ოქტომბერში, უძრავი ქონება ხაზარაძეების ოჯახმა გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს მიაქირავა.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი